ახალი ამბები

უცხოელი სტუდენტები მსოფლიოს 21 უნივერსიტეტიდან თსუ-ში ისწავლიან

უცხოელი სტუდენტები მსოფლიოს 21 უნივერსიტეტიდან თსუ-ში ისწავლიან

თსუ-ში მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრში გაცვლითი პროგრამების 38 უცხოელი სტუდენტი ისწავლის.

უცხოელ სტუდენტთა მისასალმებელ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების  წარმომადგენლები და გაცვლითი პროგრამების სტუდენტები ესწრებოდნენ. COVID 19-ის პანდემიის მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები მსოფლიოს 21 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან (12 ქვეყნიდან) ჩამოვიდნენ. ამასთანა, თსუ 6 უცხოელ ლექტორს გრძელვადიანი კონტრაქტით მასპინძლობს.

„დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით უცხოელი სტუდენტები ჩამოვიდნენ. მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, ისინი საქართველოში არიან და სულ მალე დაეწყებათ სასწავლო პროცესი. მათ რიცხვს მეორე სემესტრში სხვა სტუდენტებიც შეუერთდებიან,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 ღონისძიებას ესწრებოდა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა. „მრავალმა სტუდენტმა გამოიყენა შესაძლებლობა, რომ ორ უნივერსიტეტში მაგნუსისა და ვილნიუსის უნივერსიტეტებში ესწავლათ ქართული ენა. 15-20 წლის შემდეგ, ეს სტუდენტები გახდებიან  ლიდერები და მნიშვნელოვანი ადამიანები ქვეყნის მომავლისთვის. ამდენად, განათლებაში ჩადებული ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნისთვის, ისე ლიეტუვასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვისაც“- აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ. 

საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება. ვილნიუსის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის სტუდენტი, ბეატრიქს ნარბუტე ერთ-ერთია უცხოელ სტუდენტებს შორის, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი.  „ძალიან მიხარია, რომ ამ უნივერსიტეტს ვეწვიე. ჩემს უნივერსიტეტში გავიგე, რომ თსუ სთავაზობს საინტერესო კურსებს უცხოელ სტუდენტებს, გავეცანი შესაბამის სასწავლო პროგრამებს. ვფიქრობ, რომ აქ საუკეთესო შესაძლებლობა მაქვს გავიგო საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ,“ – აღნიშნა ბეატრიქს ნარბუტემ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  300-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი ჰყავს 56 ქვეყანაში, თანამშრომლობს 140-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამისერასმუს+“-სა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2020 წლებში თსუ სტუდენტების, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის რიცხვმა 2400- გადააჭარბა.

2015-2020 წლებში თსუში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კრედიტ მობილობის 360-ზე მეტი პროექტი; 1995-2020 წლებში თსუ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 50-მდე პროექტში, ერაზმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერაზმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 და ჟანმონეს 2 პროექტში. გარდა ევროპულისა, თსუ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ასევე 10 აზიური ქვეყნის 26 უნივერსიტეტში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.