ახალი ამბები

“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ

თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ “ქართლის” მცხოვრები დევნილები სახელმწიფოსგან ბინების შეძენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობას და კარვების გაშლას აანონსებენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა მცხოვრებელმა, თამარ საუთიევამ განუცხადა.

კერძოდ, ადგილობრივები სახელმწიფოსგან იანვრის ბოლომდე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან ბინების მოძიების პროცესის დაწყებაში გამოიხატება. “ქართლში” მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ იმ თანხად, რასაც სახელმწიფო სთავაზობს, ექსპლუატაციაში შესული ბინების ყიდვას თავად  ვერ ახერხებენ რამდენიმე მიზეზის გამო, შესაბამისი უწყებებისგან კი ითხოვენ, რომ ბინები თავად სახელმწიფომ მოიძიოს, შეიძინოს და შემდეგ დევნილები შეასახლოს.

“ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ერთი თვის განმავლობაში [იანვრის ბოლომდე] უნდა დავინახოთ ქმედითი ნაბიჯები, რომ დაიწყეს ბინების მოძიება. ერთკვირიანი ვადა გვქონდა შეთავაზებული, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია. მათი შემოთავაზება ჩვენთვის ისევ არ არის მისაღები და არც მოქნილი. ვერ ვსარგებლობთ მათი შემოთავაზებით, თორემ, ბუნებრივია, როდესაც ადამიანი საცხოვრებლის ყიდვას ითხოვს, თავად იყიდის თუ სახელმწიფო უყიდის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ფართების შეძენას, ეს არის რეალობა. ამის არიდება ხდება მათი მხრიდან და თითქოს რაღაც ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება.

[სახელმწიფოსთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ] ნაწილი გეგმავს შიმშილობის დაწყებას, გავშლით კარვებს და გადავალთ ქუჩის აქციებზე, აღარ შევალთ არანაირ საცხოვრებელ სახლში და ალბათ სხვა მოთხოვნებსაც წავაყენებთ, თუ არ შესრულდება ჩვენი ამჟამინდელი მოთხოვნები”, – განმარტა თამარ საუთიევამ.

“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ

სანატორიუმ “ქართლის” მაცხოვრებლების ბრიფინგი

რაც შეეხება სახელმწიფოს შეთავაზებას, დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, უწყება მათ ოჯახის სულადობის მიხედვით სთავაზობს, თავად შეიძინონ ბინა, რომლის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაც 550 დოლარი იქნება, რაც “ქართლის” მცხოვრებლებისთვის მიუღებელია. ამასთან, სამინისტროს შეთავაზების თანახმად, დევნილებმა თავად უნდა მოიძიონ ბინები ზემოთ აღნიშნული თანხის ფარგლებში, დევნილები კი ამბობენ, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, ექსპლუატაციაში შესულ კორპუსებში შეთავაზებულ თანხად სახლების მოძიებას ვერ ახერხებენ. ამასთან, დევნილების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბინების მოძიებას მითითებულ თანხად შეძლებენ, სახელმწიფო ბინის მფლობელებს 20 სამუშაო დღეში ჩაურიცხავს თანხას, მანამდე კი ხელშეკრულება ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე უნდა გაფორმდეს, რაზეც მესაკუთრეები არ თანხმდებიან.

სახელმწიფო დევნილებს ასევე სთავაზობს, რომ დაელოდონ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი დევნილთა სააგენტო გამგეობასთან ერთად ქირის თანხით უზრუნველყოფს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს “უპირობოდ მიიღებენ”. აღნიშნულ შეთავაზებაზე კი “ქართლის” მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სულ მცირე ერთი წლით მოუწევთ ლოდინი და არ სჯერათ, რომ სახელმწიფო ქირის თანხას მათ სრულად გადაუხდის, რადგან, როგორც ამბობენ, მათ გარშემო ბევრი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფომ დევნილებს მხოლოდ რამდენიმე თვის ქირის თანხა დაუფარა, შემდეგ კი მოქალაქეებს თავად უხდებოდათ აღნიშნული თანხის გადახდა.

“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ

სანატორიუმი “ქართლი”/ ფოტო: სოფო აფრიამაშვილი

დღეს, 17 იანვარს “ქართლის” მაცხოვრებლებს შეხვდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ დევნილთა განსახლება სწორედ იმ ობიექტებიდან მოხდეს, რომელსაც ნგრევადი სტატუსი აქვს.

“რა თქმა უნდა, როდესაც ობიექტი საცხოვრებლად სახიფათოა ადამიანისთვის, სახელმწიფომ ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილას განთავსება უნდა უზრუნველყოს, მით უმეტეს, რომ აქ ცხოვრობენ ბავშვები. ასევე მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფო თვლის, რომ იმ შემოთავაზებულ თანხად, რასაც დევნილებს სთავაზობს, 550 დოლარად, შესაძლებელია იმ ფართის ბინების შესყიდვა, რისი ლიმიტიც აქვთ დევნილებს, მაშინ, პირველ რიგში, ეს მან უნდა განახორციელოს. როგორც დევნილებთან გასაუბრების შედეგად დამრჩა შთაბეჭდილება, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ამ თანხის ფარგლებში მოეძიებინათ ადეკვატური, საცხოვრებლად ვარგისი ობიექტები, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს სამინისტროს წაყენებული ამ თანხის გადმორიცხვის სანაცვლოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხით იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც სამინისტრო დევნილებისგან ითხოვს.

ამიტომ, თუ სახელმწიფო თვლის, რომ შეთავაზებულ თანხად ბინების შესყიდვა შესაძლებელია, მაშინ, პირველ რიგში, სახელმწიფომ ეს ვალდებულება საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თავად შეისყიდოს ეს ბინები და გადასცეს დევნილებს, რომელთაც უამრავი ყოფითი პრობლემა აქვთ და ძალიან უჭირთ ამ ბიუროკრატიულ პროცესებთან გამკლავება”, – განაცხადა ლომჯარიამ.

“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ

სანატორიუმი “ქართლის” მაცხოვრებლების და სახალხო დამცველის შეხვედრა/ ფოტო: სოფო აფრიამაშვილი

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და “ქართლის” მცხოვრებლებს შორის არსებობს კომუნიკაციის პრობლემაც. ლომჯარიას სურს, რომ დევნილებსა და სამინისტროს შორის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს, რისთვისაც ჯანდაცვის მინისტრს ოფიციალურად მიმართავს და შეხვედრას სთხოვს.

ნინო ლომჯარია ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას გუშინ, 16 იანვარს გარდაცვლილი დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის შესახებაც. კერძოდ, აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და მისი გარდაცვალება “წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან” კავშირში არ არის.

ლომჯარიას შეფასებით, არასწორია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები შემთხვევიდან ერთ დღეში, გამოძიების მიმდინარეობისას აკეთებენ მსგავს განცხადებებს და მოვლენის “კვალიფიკაციას აცხადებენ”:

“როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, ძალიან არასწორია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მით უმეტეს, რომ გავესაუბრე შემთხვევის თვითმხილველებს, ვინც იცნობდნენ გარდაცვლილს და წინა დღეებში ჰქონდათ ურთიერთობა, და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა გამოძიებას შთაბეჭდილება, რომ ეს იყო შემთხვევითობა ან უბედური შემთხვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე გამოძიებას დაველოდები, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება ცალსახად არასწორად მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს”, – განმარტა ლომჯარიამ.

ადგილობრივების განცხადებით, სანატორიუმის შენობაში 140-150 ოჯახი ცხოვრობს. მათი ბინების ფართობები ძირითადად 12-15 კვადრატული მეტრს შეადგენს. შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია, რის გამოც დევნილები განსახლებას სახელმწიფოსგან სასწრაფოდ ითხოვენ.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.