როცა პანდემიის გამო, სახელმძღვანელოს სრულად გავლა ვერ ხერხდება – რომელ საკითხებს მივანიჭოთ პედაგოგებმა უპირატესობა

რომელ საკითხებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა მასწავლებელმა, როცა პანდემიისას, მათ შორის დისტანციური სწავლების რეჟიმის პირობებშიც, სახელმძღვანელოს სრულად გავლა ვერ ხერხდება.

დისტანციური სწავლების პირობებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კომპონენტების განხორციელებას, მასწავლებლისგან განსხვავებული მიდგომებიც სჭირდება.

სტატიაში, “ახალი სკოლის მოდელი დისტანციური სწავლებისას” განათლების სამინისტროს რეფორმების ჯგუფი მიუთითებს, რომ დისტანციურ რეჟიმში სწავლა-სწავლებას შემოაქვს ცვლადები, რომლებიც მასწავლებელს ბუნებრივად უბიძგებს კურიკულუმზე მუშაობისკენ. მათ შორის საუბარია ინიციატივის აღებაზე სწავლა-სწავლების დაგეგმვის პროცესში.

“პანდემიის ვითარებაში, სრულიად აშკარაა, რომ ვერაფრით მოხერხდება სახელმძღვანელოს სრულად გავლა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება, თუ რომელ საკითხებს მიენიჭოს უპირატესობა. მათი სელექციის კრიტერიუმებზე მსჯელობისას აქტიურდება დისკუსია სწავლა-სწავლების მიზნებთან დაკავშირებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მასწავლებელი იძულებულია იზრუნოს საკუთარი ორიგინალური კურიკულუმის შექმნაზე, რომელიც მისი მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებს იქნება მორგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწავლა-სწავლების პროცესი ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგება”, – წერს წერილის ავტორი.

მაშ ასე,

  • როგორ შევარჩიო საკითხები ჩემი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წლიური პროგრამისთვის?
  • როგორ განვსაზღვრო, სახელმძღვანელოს რომელი ნაწილი გავატარო მოსწავლეებს და რომელი – არა?
  • როგორ მივხვდე, ჩემს მოსწავლეებზე ადაპტირებული პროგრამა შესაბამისობაშია თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან?

ამ კითხვებზე მარტივად შეიძლება პასუხის გაცემა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეული საგნისთვის განსაზღვრულია სამიზნე ცნებები (სხვადასხვა საგანში მათი რაოდენობა 4-დან 10-მდე მერყეობს. ამ ცნებებზე მუშაობა უდრის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე მუშაობას). თითოეულ სამიზნე ცნებაზე გასვლა კონკრეტული საგნობრივი საკითხების საშუალებით შეიძლება. საკითხების სამიზნე ცნებებთან მისადაგებაში მასწავლებლებს დაეხმარება პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შედგენილი გზამკვლევები.

წლის განმავლობაში საკუთარი კლასისთვის საკითხები მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს იმგვარად, რომ სემესტრში მოსწავლეებმა ყველა ცნება დაფარონ. მაგალითად, თუკი ისტორიის სამიზნე ცნებებია – წყარო, დრო, სივრცე, საზოგადოება, ძალაუფლება, ისტორიული მოვლენა, პროცესი – და VII კლასი თემატურად ეხება ძველი მსოფლიოს ისტორიას, მასწავლებელმა ამ ეპოქიდან უნდა შეარჩიოს საკითხები, რომლებიც ზემოჩამოთვლილი ცნებების დაფარვას შეუწყობს ხელს:

I სემესტრი:
შუამდინარული ცივილიზაციის ჩამოყალიბება (სამიზნე ცნებები: „დრო“, „სივრცე“)
ხამურაბის კანონები (სამიზნე ცნებები: „წყარო“, „საზოგადოება“)
დიაოხი და კოლხა (სამიზნე ცნება: „ისტორიული მოვლენა და პროცესი“)
დარიოს I და მისი რეფორმები (სამიზნე ცნება: „ძალაუფლება“)

II სემესტრი:
ფარნავაზი და იბერია – ქართლის სამეფოს დაარსება (სამიზნე ცნება: „წყარო“, „ძალაუფლება“)
რომის მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ქართლის სამეფოს დაპყრობა (სამიზნე ცნებები: „დრო, „სივრცე“, „ისტორიული მოვლენა, პროცესი“)
წმინდა ნინო და ქართლის გაქრისტიანება (სამიზნე ცნება „საზოგადოება“).

“რა თქმა უნდა, უმჯობესია მეტი საკითხის გამოყენება ცნებების მრავალჯერადი დამუშავებისთვის, თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია ამგვარი მინიმალისტური პროგრამაც საკმარისი იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”, – წერია რეფორმების ჯგუფის სტატიაში.

კურიკულუმის განვითარება – რეალურ ვითარებაში მასწავლებლებს ძალიან უჭირთ კურიკულუმის განვითარების მნიშვნელობის გააზრება. მართლაც, ძნელია იფიქრო იმ დოკუმენტის განვითარებაზე, რომელიც მხოლოდ საკითხების ჩამონათვალს განსაზღვრავს. პანდემიურ ვითარებაში კი მკაფიოდ იკვეთება წინასწარ დაწერილი პროგრამების ფორმალური კავშირი რეალურად მიმდინარე პროცესებთან.

იკვეთება ასევე რეალურად მიმდინარე პროცესების აღნუსხვის საჭიროებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელი ვერ შეძლებს, დაასაბუთოს მშობლებისა და სკოლის დირექციის წინაშე ონ-ლაინ სივრცეში მიმდინარე პროცესების შესაბამისობა დაწესებულ სტანდარტებთან. გარდა ამისა, მნიშნველოვანია იმ გამოცდილების შენახვაც, რომელმაც კარგად იმუშავა მოსწავლეებთან. ეს მასწავლებელს დაეხმარება მომდევნო სასწავლო წლის კურიკულუმის განვითარებაში.

ასევე იხილეთ:

რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.