სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერებას ინსპექტორის სამსახური შეისწავლის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
“ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. პენიტენციური სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
“თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, — ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის ექიმების გარემოცვაში გადაღებული კადრები, რომელიც უწყების ცნობით, “მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს” ასახავს.
სახალხო დამცველის ცნობით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, იღებდა მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ომბუდსმენის ცნობით, ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ამასვე ადასტურებს, სახალხო დამცველის ცნობით, პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში.
“მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.
სააკაშვილმა უარყო საკვების მიღება და დაადასტურა, რომ 30 ოქტომბრის მერე, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი. ამასთან, მან განაცხადა, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეიდან, 6 ნოემბრიდან უარს ამბობს არა მარტო წვენებზე, არამედ მინერალებზე და ვიტამინებზე (გლუკოზის აბებზე).