“ნიკორა ტრეიდს” მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “ნიკორა ტრეიდის” მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის მიზეზად უწყება კომპანიის პროდუქტში სალმონელას მიკროორგანიზმის აღმოჩენას ასახელებს.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.
ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“ “, — აღნიშნავს სააგენტო.
განცხადების მიხედვით, სააგენტოს თანამშრომლებმა შეამოწმეს “ნიკორა ტრეიდის” სასურსათო მარკეტები მისამართებზე:
- თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N62/495;
- თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის.
უწყების თანამშრომლებმა ინპექტირება ჩაატარეს მიკვლევადობით დადგენილ ობიექტზეც,ა ღმაშენებლის ხეივნის 1.6 კმ-ში, რომელიც ასევე ეკუთვნოდა “ნიკორა ტრეიდს” და საიდანაც ზემოხსენებული მარკეტები “კოტლეტი კიევურით” მარაგდებოდა.
“სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა.
შედეგად, სს “ნიკორა ტრეიდის” მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა”, — აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს თანახმად, ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ “კოტლეტი კიევურის” ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.
“მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს”, — ამბობს უწყება.