ახალი ამბები

უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩთან სააკაშვილის საკითხი განიხილეს

უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩთან სააკაშვილის საკითხი განიხილეს

დღეს, 9 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარეიშვილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი შეხვდა.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ელჩთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.

მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა დეტალურად გააცნო სააკაშვილის გლდანის პენიტენციალური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის გარემოებები.

„ბატონმა ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა უკრაინის სახელმწიფოს პრიორიტეტია. მინისტრის მოადგილემ ელჩს შეახსენა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ მიმართა და ქართულ მხარეს მისი დადებითად განხილვა სთხოვა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღესვე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა.

საგარეო სამინისტროს ინფრომაციით, აღნიშნულ შეხვედრაზეც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადება განიხილეს, სადაც ქართულ მხარეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.


გუშინ, 8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებს ქმნის.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ ინფორმაციის არმიწოდების გამო უკრაინული მხარისთვის .

მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად”, – განმარტებულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გაუგზავნეს.

სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენა დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.