ექიმების ცნობით, სააკაშვილმა კვება სპეციალური პროტოკოლით განაახლა

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები აცხადებს, რომ სააკაშვილი გუშინდელთან შედარებით უკეთაა, თუმცა გარკვეული პრობლემები კვლავ აღენიშნება. ამასთან, მათი თქმით, სააკაშვილი ახლადშემუშავებული სქემის მიხედვით იღებს საკვებს.

კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი ნინო შარაშენიძე აცხადებს:

„ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები, რომლებიც, ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება. საკვებს იღებს სქემის მიხედვით, იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს. სწორედ ამიტომ დეტალურად დაიწერა კვების რეჟიმი, რომელსაც ზედმიწევნით შეასრულებენ“.

ერთ-ერთმა ექიმმა, სანდრო ცისკარიძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ „რეფიდინგის“, ანუ საკვების ხელახლა მიღების, პროტოკოლი შეთანხმებული და დაწერილია: „ამ შემთხვევაში ნუტრიციოლოგიის სპეციალისტებმა იმსჯელეს ამაზე და მკურნალ ექიმებთან შეათანხმეს“.

რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, სანდრო ცისკარიძის განცხადებით, „გუშინდელთან შედარებით გარკვეული და პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა, გარკვეული ცვლილებები რჩება“.

„იმედი გვაქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ შეგვიძლია მოდუნება და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ცხადია არა, უნდა იყოს ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი პარამეტრების შემოწმება. ამის ფონზე ველოდებით შემდგომში იმას, რომ გართულებების თავიდან აცილება მოხერხდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჯერჯერობით რასაკვირველია, ამისგან სრულად გარანტირებული არ ვართ“, – განუცხადდა ექიმმა ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.