სამინისტრო: გამოწვევების ძირითადი განმაპირობებელია სწავლების ხარისხი ყველა საფეხურზე და მასწავლებელთა დაბალი კომპეტენციები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამბობს, რომ განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხსა და რელევანტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სწავლების ხარისხი და მასწავლებელთა დაბალი კომპეტენციებია.

საკითხის შესახებ უწყების 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიაშია საუბარი, რომელიც 8 დეკემბერს გახდა საჯარო და სადაც უწყება თემაზე: გამოწვევები განათლებისა და მეცნიერების ხარისხისა და რელევანტურობის მიმართულებით აკეთებს განმარტებებს.

სტრატეგიის ავტორები წერენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღმზრდელ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის კომპეტენციას უპასუხოს მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებს, დაგეგმოს და განახორციელოს დიფერენცირებული სასწავლო პროცესი. ამასთანავე, საუნივერსიტეტო პროგრამაში ინტეგრირებული რამდენიმე კრედიტიანი მოდული მასწავლებლებს უქმნის მხოლოდ ბაზისურ წარმოდგენას ინკლუზიური განათლების პრინციპებზე და სრულიად არ კმარა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

მათი თქმით, პირველ ყოვლისა, მასწავლებლობა ჯერ კიდევ რჩება არამიმზიდველ კარიერულ არჩევნად, რაზეც მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ შესაბამის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულთა შორის დიდია დაბალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების წილი, რომლებსაც ასევე დაბალი შედეგები ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მასწავლებლის კარიერა ნაკლებად მიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც: საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში პერსონალს სამჯერ დაბალი ხელფასი აქვს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან შედარებით (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, კერძოდ, 2019 წლის სექტემბრიდან ხელფასის 20%- იანი ზრდისა, ზოგად განათლებაში ხელფასი ყველაზე დაბალია სხვა სექტორებთან შედარებით (საქსტატის მონაცემები 2014-2019 წლებში). უმაღლეს განათლებაში, ძალიან დაბალი ანაზღაურების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ხელფასი 2015 წელს 250%-ით გაიზარდა, თუმცა ის ჯერ კიდევ დაბალია.

სკოლებში მასწავლებელთა განაწილება არაოპტიმალურია. ქალაქებისგან მოშორებით და სოფლად მდებარე სკოლებში მოსწავლეთა კლებადი რიცხვი და დიდ ქალაქებში გადატვირთული საჯარო სკოლები განაპირობებენ მასწავლებელთა არაეფექტურ გადანაწილებას როგორც რაოდენობრივი და გეოგრაფიული ნიშნით, ასევე საგნობრივი პერსპექტივიდანაც. ზოგიერთი საგანი ან საგნობრივი ჯგუფი მასწავლებლების ჭარბი რაოდენობით ხასიათდება, ხოლო დეფიციტი შეიმჩნევა ისეთი მიმართულებებით როგორებიც არის, მაგალითად, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა, STEMის ზოგიერთ დარგში და ქართული, როგორც მეორე ენა.

განათლების სამინისტრო აღიარებს, რომ მოქმედი მასწავლებლების, ასევე მასწავლებლობის მსურველების მომზადება-გადამზადების სისტემა არ არის სათანადოდ განვითარებული და ეფექტური.

“საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს შესაფერისი კვალიფიკაცია. დასაქმებულთა უმრავლესობამ განათლება საბჭოთა კავშირის პერიოდში მიიღო და მას შემდეგ, მოკლებულია პროფესიული გადამზადების შესაძლებლობებს (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). ამასთანავე, კარიერული წინსვლა ეფექტური სწავლების დემონსტრირებაზე მეტად დამოკიდებულია ისეთ ფორმალურ პროცედურაზე, როგორიცაა კრედიტების მოპოვება კარიერული წინსვლისთვის (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2021). ცენტრალიზებულად მართული მასწავლებელთა ტრენინგებისა და გადამზადების სისტემაში პროფესიული ორგანიზაციები არასაკმარისად მონაწილეობენ. სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ და შეაფასონ თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებები სკოლის მართვის, ასევე პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით.

“მასწავლებლები ჯერ კიდევ სრულფასოვნად ვერ იზიარებენ მიმდინარე რეფორმების ღირებულებასა და მიზნებს, კერძოდ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მიდგომებს, განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას და განმსაზღვრელი საკლასო შეფასებისა და გამოცდების საგანმანათლებლო ღირებულებას (Leeetal, 2019). უმაღლესი განათლების სფერო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის გარდა, ნაკლებად არის ფოკუსირებული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მოქმედი პერსონალის პროფესიული გადამზადების გზით და ზოგადად, ამ სფეროში ნაკლები ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხს კარიერული წინსვლის პროცესში. პედაგოგიური უნარების ნაკლებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ზრდასრულთა განათლების მიმართულებითაც. ზრდასრულების სწავლებისთვის საჭირო პროფესიული განათლების დაწესებულებებში მასწავლებელთა უმეტესობა დარგობრივი სპეციალისტია, თუმცა არ მიუღია შესაბამისი პედაგოგიური მომზადება ზრდასრულებისთვის სასწავლებლად”, – ვკითხულობთ 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში.

როგორც განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, წესით, სტრატეგია დეკემბრის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. საზოგადოების დაინტერესებულ მხარეებს კი, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისთვის ვადა 20-დეკემბრამდე აქვთ.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრომ 2022-2032 წლების სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები საკონსულტაციოდ გამოაქვეყნა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.