ახალი ამბები

UNICEF: როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კონფლიქტისა და ომის შესახებ – 8 რჩევა მშობლებს

UNICEF: როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კონფლიქტისა და ომის შესახებ – 8 რჩევა მშობლებს

UNICEF-ის საქართველოს ოფისი აქვეყნებს საჭირო რჩევებს, როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კონფლიქტისა და ომის შესახებ.

როგორც 4 მარტს გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, როცა კონფლიქტი ან ომი საინფორმაციო საშუალებების პირველ გვერდებზეა, ამას შეუძლია გამოიწვიოს შიში, სევდა, სიბრაზე და მღელვარება, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. ხოლო იმისთვის, რომ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ, ბავშვები ნუგეშს ყოველთვის მშობლებთან ეძებენ – განსაკუთრებით კრიზისის დროს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ესაუბროთ თქვენს შვილს, ანუგეშოთ და დაამშვიდოთ:

1. გაარკვიეთ რა იციან და როგორ აღიქვამენ ამას

შეარჩიეთ ისეთი დრო და ადგილი, სადაც საუბარს ბუნებრივად წამოიწყებთ და თქვენი შვილი თავისუფლად დაგელაპარაკებათ, მაგალითად ოჯახური სადილის დროს. შეეცადეთ აღნიშნულ თემაზე ძილის წინ არ ისაუბროთ.

დასაწყისისთვის კარგი იქნება შვილს ჰკითხოთ, თუ რა იცის და როგორ აღიქვამს განსახილველ საკითხს. ზოგიერთმა ბავშვმა შესაძლოა ცოტა რამ იცოდეს და არც აინტერესებდეს ეს საკითხი. სხვები შეიძლება ჩუმად განიცდიდნენ. პატარა ასაკის ბავშვებთან თემის გავრცობას შეიძლება ხელი შეუწყოს ხატვამ, ამბების მოყოლამ და მსგავსმა აქტივობებმა.

ბავშვებმა სიახლეები მრავალი სხვადასხვა გზით შეიძლება შეიტყონ, ამიტომ მნიშვნელოვანია შევამოწმოთ რას ხედავენ და რა ესმით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, დავამშვიდოთ და საჭირო კორექტივები შევიტანოთ არაზუსტ ინფორმაციაში, რომელიც შესაძლებელია ინტერნეტში, ტელევიზორში, სკოლაში ან მეგობრებისგან მოისმინეს.

დამთრგუნველი სურათებისა და სათაურების უწყვეტმა ნაკადმა შეიძლება შეგვიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენს ირგვლივ ყველგან კრიზისია. მცირეწლოვანმა ბავშვებმა შეიძლება ვერ განასხვაონ ეკრანზე დანახული გამოსახულებები რეალობისგან და ჩათვალონ, რომ უშუალო საფრთხე ემუქრებათ, მაშინაც კი, თუ კონფლიქტი სადღაც შორსაა. შედარებით დიდი ასაკის ბავშვებმა შეიძლება სოციალურ მედიაში დაინახონ შემაძრწუნებელი კადრები და მოვლენების შემდგომი შესაძლო ესკალაციის შეეშინდეთ.

მნიშვნელოვანია არ დავაკნინოთ და არ უგულებელვყოთ მათი წუხილი. თუ დასვამენ ისეთ კითხვას, რომელიც შეიძლება გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მაგალითად: „ყველანი მოვკვდებით?“, დაამშვიდეთ და უთხარით, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ასევე შეეცადეთ გაიგოთ, საიდან მიიღეს ეს ინფორმაცია და რატომ წუხან მიმდინარე მოვლენების გამო. თუ შეძლებთ მათი შფოთვის მიზეზის დაგენას, უფრო დიდი ალბათობით შეძლებთ მათ დამშვიდებას.

აუცილებლად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ მათი ემოციები და უთხარით, რომ ის, რასაც გრძნობენ, ბუნებრივია. აჩვენეთ, რომ სრული ყურადღებით უსმენთ და შეახსენეთ, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგელაპარაკონ თქვენ ან სხვა რომელიმე ზრდასრულს, რომელსაც ენდობა.

ისაუბრეთ ბავშვის ასაკის შესაფერისი ენით, დააკვირდით მის რეაქციებს და გამოიჩინეთ მისი შფოთვის პროპორციული თანაგრძნობა.

2. იყავით მშვიდი და გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი

ბავშვებს აქვთ უფლება, იცოდნენ რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ ამავდროულად უფროსების ვალია, დაიცვან ბავშვები სტრესისგან. თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თქვენს შვილს. ისაუბრეთ ბავშვის ასაკის შესაფერისი ენით, დააკვირდით მის რეაქციებს და გამოიჩინეთ მგრძნობიარობა მისი შფოთვის შესაბამისად.

სავსებით ბუნებრივია, თუ თქვენც განიცდით და ნერვიულობთ მიმდინარე მოვლენების გამო. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვები ზრდასრულების ემოციებს ირეკლავენ, ამიტომ ეცადეთ ზედმეტად არ გაუზიაროთ მათ თქვენი შიშები. ისაუბრეთ მშვიდად და აკონტროლეთ თქვენი სხეულის ენა თუ სახის გამომეტყველება.

რამდენადაც შესაძლებელია დაარწმუნეთ თქვენი შვილები, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. შეახსენეთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი დაუღალავად მუშაობს კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და მშვიდობის მისაღწევად.

არა უშავს, თუ ყველა კითხვაზე არ გექნებათ პასუხი. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ შვილს, რომ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ან უფროსი ასაკის ბავშვებთან გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა პასუხების ერთად მოსაძიებლად. გამოიყენეთ სანდო მედია საშუალებების ან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ-გვერდები, როგორიც არის გაეროს ბავშვთა ფონდი ან გაერო. აუხსენით, რომ ონლაინ სივრცეში განთავსებული გარკვეული ტიპის ინფორმაცია არ არის ზუსტი და მნიშნელოვანია სანდო საინფორმაციო წყაროების მოძიება.

3. ასწავლეთ თანაგრძნობა და არ შექმნათ სტიგმა

კონფლიქტს შეიძლება თან მოყვეს ცრურწმენები და დისკრიმინაცია ხალხების თუ ქვეყნების წინააღმდეგ. ბავშვებთან საუბრისას თავი შეიკავეთ ისეთი იარლიყების მიკერებისგან, როგორიცაა „ცუდი ხალხი“ ან „ბოროტი“, ამის ნაცვლად გააღვივეთ მათში თანაგრძნობა, მაგალითად იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც იძულებული გახდნენ თავიანთი სახლები მიეტოვებინათ.

მაშინაც კი, თუ კონფლიქტი შორეულ ქვეყანაში მიმდინარეობს, ამან შეიძლება თქვენი სახლის კართან გააღვივოს დისკრიმინაცია. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები თავად არ არიან ბულინგის მსხვერპლი ან ხელს არ უწყობენ სხვების მიმართ ბულინგს. თუ მათ სკოლაში დასცინიან ან აბულინგებენ, წაახალისეთ ისინი, ამის შესახებ გითხრათ თქვენ ან მათთვის სანდო სხვა ზრდასრულს.

შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ ყველა იმსახურებს სკოლასა თუ საზოგადოებაში თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს; რომ ბულინგი და დისკრიმინაცია ყოველთვის დიდი შეცდომაა და ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ კეთილები სხვების მიმართ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ.

იმის განცდას, რომ რაღაცას აკეთებ, თუნდაც ძალიან უმნიშვნელოს, დიდი ნუგეშის მოტანა შეუძლია.

4. ყურადღება გაამახვილეთ დახმარებაზე

მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, იჩენენ განსაკუთრებულ სიკეთესა და სიმამაცეს. მოიძიეთ პოზიტიური ისტორიები, როგორიცაა პირველადი დახმარების მუშაკების მიერ ხალხის გადარჩენის შემთხვევები, ან ახალგაზრდების მოწოდებები მშვიდობისკენ.

გაარკვიეთ, სურს თუ არა თქვენს შვილს დახმარების აქტივობაში ჩართვა. მას შეუძლია უბრალოდ დახატოს პოსტერი, დაწეროს ლექსი, ან მონაწილეობა მიიღოს ფულის შეგროვების ადგილობრივ აქციაში და შეუერთდეს პეტიციას კონფლიქტის შეჩერების თაობაზე. იმის განცდას, რომ რაღაცას აკეთებ, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს ეს, დიდი ნუგეშის მოტანა შეუძლია.

5. დაასრულეთ საუბარი ზრუნვის გამოხატვით

საუბრის დასასრულს მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბავშვს ანერვიულებულს არ ტოვებთ. შეეცადეთ შეაფასოთ მისი შფოთვის დონე მისი სხეულის ენის მიხედვით, დააკვირდით, საუბრობს თუ არა თავისი ჩვეული ხმის ტემბრით, დააკვირდით მისი სუნთქვის სიხშირეს.

შეახსენეთ, რომ გულთან ახლოს მიგაქვთ მათი მდგომარეობა და ყოველთვის მოუსმენთ და დაეხმარებით.

6. მუდმივად მოიკითხეთ ხოლმე

კონფლიქტის შესახებ სიახლეების თანადროულად, გააგრძელეთ ბავშვთან საუბარი, რომ იცოდეთ, როგორ გრძნობს თავს, გაუჩნდა თუ არა კითხვები ან სურს თუ არა თქვენთვის რამე სიახლის გაზიარება.

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი მომხდარს განიცდის, დააკვირდით ნებისმიერ ცვლილებას მის ქცევასა თუ ემოციურ მდგომარეობაში, როგორიცაა მაგალითად მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ღამის კოშმარები ან უძილობა.

ბავშვებს სხვადასხვა უარყოფითი მოვლენის მიმართ განსხვავებული რეაქციები აქვთ და მათი შინაგანი შფოთვა შეიძლება ერთი შეხედვით არ იყოს თვალსაჩინო. მცირეწლოვანი ბავშვები შეიძლება უფრო მეტად მოგეწეპონ, ხოლო მოზარდებმა შეიძლება ძლიერი ბრაზი გამოხატონ ან ძლიერი მწუხარება იგრძნონ. ეს რეაქციები, როგორც წესი, მოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება და სტრესულ სიტუაციებზე რეაგირების ბუნებრივი ნიშნებია. თუ ეს რეაქციები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა თქვენს შვილს შეიძლება სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს.

ერთ-ერთი რითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს, არის სუნთქვითი ვარჯიშები:

  • ხუთჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. ხუთი წამის განმავლობაში შეისუნთქეთ და ხუთი წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ. შეისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით.
  • უთხარით ბავშვებს, რომ შესუნთქვისას მუცელი ბუშტივით გაბერონ, ხოლო ამოსუნთქვისას ბუშტიდან ნელა გამოუშვან ჰაერი.

მზად იყავით თქვენს შვილს ესაუბროთ, თუ ამ საკითხს ისევ წამოჭრის. თუ საუბარს ძილის წინ წამოიწყებს, ეცადეთ პოზიტიურ ნოტაზე დაასრულოთ ის, მაგალითად წაუკითხოთ საყვარელი ზღაპარი, რაც ტკბილად ჩანიძებაში დაეხმარება.

7. შეზღუდეთ ინფორმაციის ნაკადი

ყურადღება მიაქციეთ რამდენად აქვთ თქვენს შვილებს წვდომა ახალ ამბებზე, მანამ სანამ ისინი სავსეა შემაშფოთებელი და სენსიტიური სიახლეებითა და ფოტოებით. შესაძლებელია ახალი ამბების გამოშვებები გათიშოთ კიდეც, თუ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებით. უფროსებთან შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ იმაზე სასაუბროდ, თუ რა დროს უთმობენ ახალ ამბებს და რა სანდო წყაროებს შეიძლება დაეყრდნონ. ასევე მიაქციეთ ყურადღება, როგორ საუბრობთ კონფლიქტზე სხვა ზრდასრულებთან, როდესაც შეიძლება თქვენი საუბარი ბავშვებსაც ესმოდეთ.

რამდენადაც შეგიძლიათ ეცადეთ ყურადღების გადასატანად მოიფიქროთ მხიარული აქტივობები . მაგალითად, ითამაშეთ ან ისეირნეთ ერთად.

8. გაუფრთხილდით საკუთარ თავს

თქვენ შეძლებთ თქვენი შვილების დახმარებას, თუ თავადაც უმკლავდებით სიტუაციას. ბავშვები შეამჩნევენ ახალ ამბებზე თქვენს რეაქციას, ამიტომ მათ დაეხმარება, თუ სტრესულ პერიოდში თქვენ მშვიდი და გაწონასწორებული იქნებით.

თუ თქვენ შფოთავთ ან აღელვებული ხართ, დაუთმეთ საკუთარ თავს დრო და გაესაუბრეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნდობით აღჭურვილ ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იღებთ ახალ ამბებს: განსაზღვრეთ კონკრეტული დრო დღის განმავლობაში, როდესაც გაეცნობით მიმდინარე მოვლენებს, იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ინტერნეტში იყოთ. რამდენადაც შესაძლებელია, დაკავდით ისეთი აქტივობებით, რაც მოდუნებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.