ახალი ამბები

გარდაიცვალა მაროკოელი ბავშვი, რომელიც ღრმა ჭაში 4 დღის მანძილზე იყო ჩარჩენილი

გარდაიცვალა მაროკოელი ბავშვი, რომელიც ღრმა ჭაში 4 დღის მანძილზე იყო ჩარჩენილი

მაროკოელი ბავშვი, რომელიც 4 დღის მანძილზე 32 მეტრის სიღრმის ჭაში იყო ჩარჩენილი, გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაცია მაროკოს ქალაქ თამორთოში, ცოცხალი ძალისა და სპეც. ტექნიკის მონაწილეობით, 5 თებერვლის ღამით დასრულდა, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბავშვის, სახელად რაიანის ამოყვანას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები სიხარულის შეძახილებით შეხვდნენ. თავდაპირველად რაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობი იყო, თუმცა მცირე ხნის შემდეგ მაროკოს სამეფო სახლმა გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომლის თანახმადაც ის გარდაიცვალა.

მაროკოს მეფემ, მუჰამად VI-მ, ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და ბავშვის მშობლებს მიუსამძიმრა.

5 წლის ბავშვი 32 მეტრის სიღრმის ჭაში სამშაბათს ჩავარდა. ინციდენტი მაროკოს პატარა ქალაქ თამოროთში მოხდა. მისმა ამბავმა მალე მიიპყრო მთელი ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობის ყურადღება.

მაშველების მცდელობა, ჭის ჩასასვლელი გამოეყენებინათ 32 მეტრის სიღრმეში ჩასაღწევად და იქიდან ბავშვის ამოსაყვანად, წარუმატებლად დასრულდა: ჭის დიამეტრი ამის საშუალებას არ იძლეოდა.

“პრობლემა ის არის, რომ ხვრელის დიამეტრი ძალიან, ძალიან მცირეა, დაახლოებით 25 სმ… 28 მეტრის სიღრმეზე ის უფრო ვიწრო ხდება”, – ეუბნებოდა BBC-ს მუჰამად ალ-კუაჰაბი, სამთო აქტივობათა ადგილობრივი ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც მაშველებს ეხმარებოდა.

აღნიშნულის შემდეგ მაშველებმა ალტერნატიული მეთოდი გამოიყენეს: ადგილზე მუშაობა დაიწყო ტექნიკამ, რომელიც ჭასთან ახლოს მიწას თხრიდა.

როცა შესაბამის სიღრმემდე ჩააღწიეს, მაშველებმა ჰორიზონტალურად დაიწყეს მიწის თხრა და ერთგვარი გვირაბის გაყვანა, რათა ბიჭის ადგილსამყოფლამდე მისულიყვნენ.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად გასულ დღეებში ჭაში კამერა ჩაუშვეს. მაშველებმა მას ჟანგბადის ნიღაბი, საკვები და წყალიც მიაწოდეს.

მასშტაბურ სამაშველო ოპერაციას მრავალი მოქალაქე ადევნებდა თვალს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით. სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა ჰეშთეგი “გადაარჩინეთ რაიანი”.

გარეკანის ფოტო: AFP

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.