როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილი სილაბუსი – ინტერვიუ პროფესორთან
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და პროფესიულ ზრდის მოტივით, საუნივერსიტეტო საზოგადოებაში წინასწარ გეგმავენ და შემდგომ გაწერენ სასწავლო კურსის პროგრამას -სილაბუსს, რომელშიც სტუდენტი და არა მხოლოდ ის, კურსის შესახებ სრულ ინფორმაციას ეცნობა.
როგორც წესი, სილაბუსის შედგენა მარტივ საქმედ არ ითვლება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომლებსაც სასწავლი მართლაც ბევრი აქვთ.
EDU.ARIS.GE რესპონდენტი ქალბატონი, ეკა ლეკაშვილია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. იგი გეტყვით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ლექტორის მიერ საუკეთესოდ შედგენილი სილაბუსი, რა არ უნდა გამოგრჩეთ მასზე მუშაობის დროს და როგორია სილაბუსის გამოყენების სამომავლო პერსპექტივა.
– ქალბატონო ეკა, პირველ რიგში, გვითხარით, რა არის სილაბუსი, ვისთვის იქმნება ის და ვინ იყენებს მას?
– განგიმარტავთ, რომ სილაბუსი არა წლიური გეგმა, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, არამედ – სასწავლო კურსის შეთავაზების გეგმა-პროგრამაა. სასწავლო კურსების უმაღლეს განათლებაში ერთსემესტრიანია. იგი საჭიროა პედაგოგისთვის, რათა დეტალურად იცოდეს რას, როგორ და რომელ გარემო – პირობებში სთავაზობს ცოდნის მიღების მსურველს შედეგის მიღწევისათვის; სტუდენტს – რომ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს; ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომ მართოს სასწავლო პროცესი; დამსაქმებელს – რომ გაიგოს რა ცოდნის და უნარების მატარებელია მისი დასაქირავებელი პირი და რა პროდუქტს/მომსახურებას სთავაზობს მსურველს/სტუდენტს. ფაქტობრივად, ინსტიტუცია არსებითად ცოდნის მატარებლის და ცოდნის მიღების მსურველის დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს; ხარისხის უზრუნველყოფის ინსტიტუციებს, რათა განხორციელდეს შეფასება, მონიტორინგი და გამოირიცხოს შეთავაზებული პროდუქტის/მომსახურების ხარისხის პრობლემები. ყველა ჩამოთვლილი მხარე არის დაინტერესებული, შემუშავდეს მაღალი ხარისხის გამართული სილაბუსი. ბოლოს კი, ყველას გაცნობიერებული აქვს უმაღლესი განათლების განმსაზღვრელი როლი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაში.
– ვის აქვს გეგმა-სილაბუსის წარმოების ვალდებულება?
– გეგმა-სილაბუსის შემუშავების ვალდებულება სიღრმისეული დარგობრივი ცოდნის მატარებელი ადამიანისთვის არის შესაძლებელი, რომელსაც, იმავდროულად, პედაგოგიური საქმიანობის კომპეტენცები აქვს. რაც არ უნდა სიღრმისეული ცოდნის მატარებელი იყოს მეცნიერი, თუ მას სწავლა-სწავლების, შეფასების მეთოდების მიზნობრივად გამოყენების შესაბამისი ცოდნა და უნარები აქ აქვს, შედეგი ვერ მიიღწევა, ანუ, ცოდნის გადაცემა – გამტარუნარიანობა ფერხდება.
– როგორია სილაბუსის სტრუქტურა, ყველა სილაბუსის სტრუქტურა იდენტურია?
– სილაბუსის სტრუქტურა განსაზღვრულია საკანონმდებლო ჩარჩოთი და აკრედიტაციის სტანდარტებით, რაც შეიძლება ითქვას, მინიმალური სტანდარტის პირობებია. უსდ-ის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) და სილაბუსის ავტორს შეუძლია, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და ასახოს დამატებითი ინფორმაცია სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე.
– ქალბატონო ეკა, როდის უნდა იყოს მზად სილაბუსი სასწავლო წლის დასაწყისში?
– სილაბუსი მზადდება საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისას. შეიძლება სასწავლო კურსის შეთავაზება რამდენიმე სემესტრის შემდეგ იყოს კურიკულუმით განსაზღვრული. თანამედროვე პირობებში ცოდნა მალე ძველდება, ამიტომ კურსის შეთავაზებამდე ერთი სემესტრით ადრე უნდა მოხდეს სილაბუსის გადასინჯვა-განახლება და საჭიროებისამებრ დამტკიცდეს პროცედურულად, რათა იგი ფორმალური შინაარსის მატარებელი დოკუმეტი გახდეს.
– როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილად შედგენილი გეგმა სილაბუსი?
– მოგახსენებთ პუნქტებად.
პირველი პუნქტი-სრულყოფილი სტრუქტურა. სრულყოფილად შემუშავებული სილაბუსი ამომწურავ ინფორმაციას უნდა გვაძლევდეს სასწავლო კურსის სწავლა-სწავლების პროცესზე, პედაგოგზე, სასწავლო კურსის სტატუსზე, მიზანსა და შედეგებზე, წინაპირობებზე, სასწავლო მასალაზე, შეფასების სისტემაზე, შეფასების ინსტრუმენტებზე, დატვირთვის მოცულობაზე, რომელიც კრედიტებით გამოისახება, კურსის ხანგრძლივობაზე, დამატებით გარემოებებზე.
მეორე პუნქტი-სასწავლო თემის დეტალური ჩაშლა. თუ სილაბუსში ჩაიშლება სასწავლო თემა დეტალურად, სტუდენტი უფრო მეტად იქნება ინფორმირებული სასწავლო კურსის შინაარსზე, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია.
მესამე პუნქტი-შესაბამისი გაფორმება. სილაბუსის თავფურცელზე წარმოდგენილი უნდა იყოს უსდ-ის დასახელება, პროგრამის, კურსის კოდის, სასწავლო წლის და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
– რა ეტაპებს გადის დოკუმენტი სანამ მისი მიღება მოხდება?
– შემუშავებული სილაბუსის კოლეგიალური შეფასება ხდება ჯერ ინსტიტუციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულში. შეფასების გათვალისწინებით, გადამუშავებული სილაბუსი შესაფასებლად ეგზავნება დამხმარე სტრუქტურული ერთეულის ხარისხის სამსახურს. მათი შეფასების გათვალისწინებით, გადამუშავებული სილაბუსი ეგზავნება დამხმარე სტრუქტურული ერთეულის მმართველ ორგანოს – საბჭოს, რომელიც შუამავლობით მიმართავს უსდ-ის ხარისხის სამსახურს, უშუამდგომლოს აკადემიური საბჭოს წინაშე მის დამტკიცებას. შეფასებას აკეთებს უსდ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და მხოლოდ ამ შეფასების გათვალისწინებით წარედგინება აკადემიურ საბჭოს დასატკიცებლად. ძალიან დიდი ყურადღებით უნდა განვიხილოთ ყველა ეტაპზე წარმოდგენილი თვალსაზრისები, რადგან აქაც სათანადოდ უნდა შევაფასოთ, ხომ არ დააკნინებს, ან პირიქით, გააუმჯობესებს მათი გათვალისწინება. ეს უნდა იყოს კოლეგიალური პროცესი, მიმღებლობის განწყობით და აკადემიური თავისუფლების პრინციპის დაცვით. უსდ-ების სტრუქტურის მიხედვით, შესაძლებელია, ეს პროცესი სხვანაირადაც იყოს სამართლებრივად განსაზღვრული, მაგრამ ფაქტია, რომ სილაბუსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის შეფასებაში მრავალი რგოლი და კვალიფიციური სპეციალისტია ჩართული.
– ქალბატონო ეკა, უთხარით ახალგაზრდა კოლეგებს, როგორია სილაბუსის მნიშვნელობა სტუდენტებისთვის და მისი სამომავლო გამოყენების პერსპექტივა?
ახალგაზრდა კოლეგებს ვურჩევ:
– დიდი სერიოზულობით, პროფესიონალიზმით და მნიშვნელობის გათვალისწინებით შეიუშავეთ სასწავლო კურსის სილაბუსი, რადგან ის წარმოაჩენს თქვენი კვალიფიკაციის დონეს, ცოდნას-და უნარებს, რომელზე დაყრდობითაც შეგიძლიათ პროდუქტის შექმნა – ცოდნის გადაცემა.
– გაითვალისწინეთ, სრულყოფილი და ინოვაციური სილაბუსი ახალი ცოდნის შემუშავების და გადაცემის პროგრამაა. როგორც სერიოზულ ბიზნესს ვერ აღვიქვამთ ბიზეს-გეგმის გარეშე, ან კვლევას – კვლევითი პროექტის გარეშე, ასევე, კარგი სასწავლო კურსის შემუშავება წარმოუდგენელია შესაბამისი სილაბუსის შემუშავების გარეშე. სილაბუსის შემუშავება შრომატევადია, თუმცა დაგეგმილი პროცესის წარმართვა რამდენადმე ეფექტიანი.
– იმისათვის, რომ სილაბუსმა ეფექტურად იმუშაოს, პირველივე შეხვედრაზე სტუდენტებს დეტალურად გააცანით მისი ყველა კომპონენტი. ეს ამარტივებს ურთიერთობას სტუდეტნტთან და შედეგის მიღწევადობას უზრუნველყოფს.
– და ბოლოს, რამდენად არის სილაბუსი სტუდენტისთვის ინსტრუმენტი, რომლის
გაცნობითაც ის განსაზღვრავს, სწორად შეარჩია თუ არა საგანი და თქვენ როგორ
დაეხმარებოდით სტუდენტს კარგი და ნაკლებად კარგი სილაბუსის გარჩევაში?
– სტუდენტმა რომ ერთმანეთისგან გაარჩიოს კარგი და ნაკლებად კარგი სილაბუსი, აუცილებლად უნდა გაეცნოს სასწავლო კურსის მიზნებსა და შედეგებს, პედაგოგის კვალიფიკაციას, სწავლებისა და შეფასების მეთოდებს, რომელიც სასურველია, მრავალფეროვანი იყოს. გაეცნოს ლიტერატურას – ავტორების, გამოცემის წელის, გამომცემლობის და მასალის მოცულობის გათვალისწინებით და თემატიკას – მიზნებთან და შედეგებთან ბმაში. ამ ინფორმაციამ სტუდენტს წარმოდგენა უნდა შეუქმნას სასწავლო კურსის შესახებ, რომლის საფუძველზეც მას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება შეეძლება.
ასევე იხილეთ:
„ერთხელ და სამუდამოდ, დიპლომების განათლებიდან ცოდნის განათლებაზე უნდა გადავიდეთ“