ახალი ამბები

რას უყვებიან ომზე მოსწავლეებს რუსეთის სკოლებში – BBC „სპეციალური გაკვეთილების“ შესახებ წერს

რას უყვებიან ომზე მოსწავლეებს რუსეთის სკოლებში – BBC „სპეციალური გაკვეთილების“ შესახებ წერს

„სპეციალური გაკვეთილი „სპეციალური ოპერაციის“ შესახებ: რას ეუბნებიან რუს სკოლის მოსწავლეებს უკრაინის ომზე“ – ამ სათაურით, 3 მარტს, BBC-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაამბობზე დაყრდნობით მოთხრობილია თუ როგორ დაევალათ რუსეთის ფაქტობრივად ყველა რეგიონში არსებულ სკოლებს უფროსკლასელებისთვის ომის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული წესით მიეწოდებინათ, ცენტრალიზებულად შემუშავებული და დაგზავნილი ტექსტითა და მითითებებით. პედაგოგებს კი დადგენილი ჩარჩოდან გადახვევა და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა აეკრძალათ.

BBC წერს, რომ ომის დაწყებიდან მე-6 დღეს, 1 მარტს, რუსულმა სკოლებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე უფროსკლასელებთან გაკვეთილის ჩატარების შესახებ მითითება, „ზემოდან“ მიიღეს. მითითების მიხედვით, სკოლებმა ჩატარებული გაკვეთილების შესახებ მოხსენებებიც უნდა წარადგინონ და სოციალურ ქსელებში ამ აქტივობების ამსახველი ფოტო თუ ტექსტური მასალაც უნდა გაავრცელონ. „ჩემი ქვეყანა“ – ასე ეწოდა გაკვეთილს, რომელიც VI – XI კლასების მოსწავლეებისთვის შემუშავდა და რომელიც უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციას“ დაეთმო.

გამოცემის ინფორმაციით, გაკვეთილების ჩასატარებლად რეგიონულმა ხელისუფლებამ სკოლებს სპეციალური პრეზენტაციებიც დაუგზავნა, რომლებშიც უკანასკნელი მოვლენებია აღწერილი, რაღა თქმა უნდა, კრემლის ინტერპრეტაციით. როგორც აღმოჩნდა, არც გაკვეთილის იდეა და არც იმ პრეზენტაციის შინაარსი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ინფორმაცია უნდა მიეღოთ, პედაგოგთა გარკვეული ნაწილისთვის მისაღები არ არის. BBC-ის რუსული ბიურო ამ გაკვეთილების შინაარსს გაეცნო და იმ მასწავლებლებსაც გაესაუბრა, რომელთაც გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადეს. ისინი ვინაობას მალავენ და სკოლის დაკონკრეტებისგანაც, გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებენ. თუმცა, აცხადებენ, რომ რუსეთში, მათ მსგავსად, ზოგიერთი პედაგოგი ემიჯნება საგაკვეთილოდ მოწოდებული მასალის შინაარსს. როგორც ირკვევა, ზოგიერთი მათგანი, სხვადასხვა გზებით, ახერხებს კიდეც თავი აარიდოს ამ თემაზე ისე საუბარს, როგორც ამას „ზემოდან“ ავალებენ.

ჩატარებული გაკვეთილების შესახებ ინფორმაციას, სკოლები და პედაგოგები, მითითებისამებრ, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. VK-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, გამოცემა ასკვნის, რომ ასეთი გაკვეთილები ჩატარდა მოსკოვის, ვოლგოგრადის, ჩელიაბინსკის, ომსკის, კურსკის, ნიჟნი ნოვგოროდის, როსტოვის, ბელგოროდის, პენზის ოლქების სკოლებში, ასევე ჩუვაშეთში, მორდვეთში, კრასნოდარის მხარეში, სტავროპოლის მხარეში, ანექსირებულ ყირიმსა და სხვა რეგიონებში. სკოლების გარდა, გაკვეთილები ჩატარდა ზოგიერთ კოლეჯსა და ტექნიკურ სასწავლებელშიც.

„სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ აიძულა ჩვენი პრეზიდენტი და მთავრობა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაეგზავნა. რომ ეს არის არა ომი, არამედ სპეციალური სამშვიდობო ოპერაცია, რომლის მიზანიც დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის დაცვა და ნაციონალისტების შეჩერებაა, რომლებიც რუს მოსახლეობას ემუქრებიან“, – წერს გამოცემა ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით (სტილი დაცულია).

BBC-ის რუსული ბიურო გაეცნო პრეზენტაციებსაც, რომლებიც სპეციალურად ამ გაკვეთილებზე მოსწავლეებისათვის წარსადგენად მომზადდა. მათში საუბარია 2014 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, დონბასში არსებულ ვითარებაზე, „უკრაინის ანტირუსულ კურსზე“, ნატო-ზე, ნატო-ს სამხედრო ოპერაციების შედეგებზე და მის აღმოსავლეთით გაფართოებაზე. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს რეკომენდაცია ეძლევათ უყურონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 21 თებერვლით დათარიღებულ მიმართვას, რომელშიც მან უკრაინის საკითხზე ისაუბრა.

სტატიაში BBC გვთავაზობს გაკვეთილის იმ აუდიოჩანაწერის გაშიფრულ, შემოკლებულ ვერსიასაც, რომელიც გამოცემას მე-10 კლასის მოსწავლემ გაუგზავნა ბაშკირეთის ერთ-ერთი სკოლიდან. მისი მიხედვით, მიმდინარე ომი გაიგივებულია 1941 წლის სიტუაციასთან, როცა „ჩვენი ბებიები და ბაბუები, უზარმაზარი დანაკარგების ფასად, ერთი პატრიოტული იმპულსით გაერთიანდნენ და მცოცავი ფაშისტური ქვეწარმავალი შეაჩერეს“. მოსწავლეებს გაკვეთილზე ეუბნებიან, რომ უკრაინაში სახელმძღვანელოები, ფილმები, გადაცემები ფაშისტური და ანტირუსული იდეებითაა გაჟღენთილი.

„ჩვენ ახლა უნდა ავიცილოთ თავიდან მომავალი ომი, ნამდვილი ომი, რომელიც სხვისი დამანგრეველი ბრძანებით მოქმედებს რვა წელია, 2014 წლიდან. 2014 წელს უკრაინაში ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალება მოხდა…. უკრაინაში, ფაქტობრივად, ფაშისტური რეჟიმი დამყარდა. მთავარი იდეოლოგიური თემა კი რუსეთის მიმართ მძვინვარე სიძულვილია, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე“, – ციტატას გვთავაზობს აუდიოჩანაწერიდან BBC.

აქვე საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მომავალ თაობებს რუსეთზე გამარჯვების სულისკვეთებით ზრდიან და ამავდროულად, ეუბნებიან, რომ ნაცისტური დაჯგუფებები საკუთარ თანამოქალაქეებს ავიწროებენ – „2014 წლის მაისში ოდესის პროფკავშირების სახლში ცოცხლად დაწვეს 40-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რუსულად საუბარი სურდათ და სისხლიან ფაშისტურ რეჟიმს არ აღიარებდნენ. რვა წლის განმავლობაში ისინი ბომბავდნენ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს, უგულებელყოფდნენ ბავშვებისა და მოხუცების სიცოცხლეს, არ ზოგავდნენ ქარხნებს, სკოლებს, სახლებს, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლებმა ააშენეს. რისთვის? მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ორმა რეგიონმა დამოუკიდებლობა მოითხოვა. ჩვენ ვაღიარეთ DPR-ისა და LPR-ის დამოუკიდებლობა და იძულებული გავხდით გამოგვეცხადებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ახლა, პროფესიონალი სამხედროების ძალები ანადგურებენ ფაშისტური სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალს, რომელიც შეიქმნა ერთი მიზნით – დაიპყროს რუსეთი. ყველას ესმის, რომ ახლა ამის გარეშე, სამ-ოთხ წელიწადში, უკვე გვიანი იქნება. მაშინ დიდი ომი დაიწყება და ეს მხოლოდ პროფესიონალი ჯარით ვეღარ მოხერხდება. როგორც 1941 წელს, ომისთვის ყველა რეზერვისტის, ყველა ზრდასრულის გამოძახება გახდება საჭირო. მაშინ ყველა ჩვენი ოცნება უნდა გადავდოთ განზე, დავივიწყოთ ცოტა ხნით და ვიღაცისთვის – სამუდამოდ. ძვირფასო ბავშვებო, ეს მძიმე სიმართლეა“, – ასეთ ამონარიდს აქვეყნებს BBC ჩანაწერიდან.

გამოცემის თანახმად, სოციალურ ქსელებში სკოლის მოსწავლეები ჩივიან, რომ უკრაინის მოვლენებზე მხოლოდ ისე საუბრობენ, როგორც ეს კრემლს სურს. ზოგიერთი წერს, რომ მათმა მასწავლებლებმა გაკვეთილების ჩატარებაზე უარი თქვეს და ამ ყველაფერს სიგიჟე უწოდეს. BBC-ის რუსული ბიურო მასწავლებლებსაც გაესაუბრა, რომელთათვისაც გაკვეთილების ჩატარება, მათთვის გაგზავნილი სახელმძღვანელოების მიხედვით, მიუღებელი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი ასეთმასწავლებელი, მურმანსკის რეგიონის სკოლიდან, ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მათ მეთოდოლოგიური რეკომენდაციები გაკვეთილისთვის „ჩემი ქვეყანა“ 1 მარტს დილის 9 საათზე გაუგზავნა და ჩატარება ერთი კვირის ვადაში უბრძანა. მისივე თქმით, მსგავსი დავალებები, როგორც წესი, ახსნა-განმარტებების გარეშე მისდით, თუმცა ამ შემთხვევაში დავალებას ორსიტყვიანი კომენტარიც მოჰყვა – ჩატარება და მოხსენება. მოხსენებაში კი სკოლის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში ჩატარებული გაკვეთილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იგულისხმება. შესაბამისად, პედაგოგის თქმით, ახლა მისი კოლეგები გაკვეთილის შესახებ ფოტოებსა და ტექსტს სოციალურ ქსელებში ათავსებენ.

პედაგოგის თქმით, გადაწყვიტა ეს გაკვეთილი არ ჩაეტარებინა: „მე წინააღმდეგი ვარ. რასაც ამ გაკვეთილზე წერენ სცენარში, პრეზენტაციებში, აბსოლუტურად არასანდო ინფორმაციაა, ისტორიული და სოციალურ მეცნიერებათა წყაროების გაანალიზების გარეშე, მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლებზე დაყრდნობით. კერძოდ, არსებობს თეზისი, რომ თითქოს რუსეთი ძალით არავის არაფერს აკისრებს, მაგრამ ამის უარყოფას ახლა ვხედავთ და ისტორიის განმავლობაშიც ვნახეთ“, – ეუბნება პედაგოგი BBC-ს.

საბოლოოდ, მას არ მოუწია აღნიშნული გაკვეთილის ჩატარება, ვინაიდან იმავე დღეს, მან და მისმა კოლეგებმა სკოლის ადმინისტრაციისგან მიიღეს წერილი – „ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ამ გაკვეთილს, არ ვატარებთ და იგნორირებას ვახდენთ“.

ურალის ფედერალური ოლქის ისტორიის მასწავლებელმა, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა, BBC-ს განუცხადა, რომ მათ ასეთი გაკვეთილის ჩატარება დაავალა დირექტორმა, რომელსაც ეს მოთხოვნა „ზემოდან მიუვიდა“. მისი თქმით, ის ოფიციალურად დათანხმდა მსგავსი გაკვეთილის ჩატარებას, მაგრამ სინამდვილეში გაკვეთილის შინაარსი სრულიად განსხვავებული იყო:

„გაკვეთილზე ავიღე თემა „რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურა“ და კონსტიტუციის მნიშვნელობაზე გავამახვილე ყურადღება. იმაზე, რომ პრეზიდენტი ლეგიტიმურია, სანამ იცავს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს. რომ იგი უნდა იყოს ამ უფლებების გარანტი. გავაანალიზეთ კონსტიტუციური უფლებები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. დასასრულს კი ვისაუბრეთ იმაზე, აქვს თუ არა მესამე მხარეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება“.

პედაგოგის თქმით, არ ეშინია, რომ მიღებული მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შესაბამისად გაკვეთილის ჩაუტარებლობა მისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება. იმედოვნებს, რომ პრობლემების შექმნის შემთხვევაში მოსწავლეები დაიცავენ. უარეს შემთხვევაში კი პრემიის ჩამორთმევა და სიტყვიერი საყვედური ემუქრება.

დაახლოებით მსგავს ისტორიებს BBC-ს კიდევ რამდენიმე პედაგოგი უყვება, მაგალითად ვოლგოგრადის ერთ-ერთი სკოლის მეექვსე კლასის მასწავლებელი სვეტლანა, რომელმაც ასევე გადაწყვიტა არ ჩაეტარებინა გაკვეთილი „ზემოდან“ მიღებული მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებით. როგორც მან გამოცემას განუცხადა, პრეზენტაციების პარალელურად მიუვიდათ მითითებაც, რომ საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავი შეეკავებინათ და მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებისგან არ გადაეხვიათ. ინტერვიუში იგი იმასაც დასძენს, რომ მისი ზოგიერთი კოლეგა კომენტარისგან თავს იკავებს, ზოგიერთს კი მოსწონს იდეაც, პრეზენტაციებიც და კმაყოფილებასაც გამოთქვამს. თავად მას პრეზენტაციის შინაარსი და ცალმხრივობა არ მოსწონს და აცხადებს, რომ მას მოსწავლეებთან გახსნილი ურთიერთობა აქვს და მხოლოდ იმას ეუბნება, რის სისწორეშიც 100%-ით დარწმუნებულია. ამ შემთხვევაში კი, იგი დარწმუნებული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ გაკვეთილის შესახებ ანგარიშის ჩაბარებას არ ითხოვენ, შესაძლებლობა ჩნდება პედაგოგებმა თქვან, რომ „ყველაფერი გააკეთეს, რეალურად კი არ გააკეთონ“.

”მე ავუხსენი (მოსწავლებს), რომ ომში კარგი არაფერია, რადგან ზოგიერთი მათგანი ამაზე ენთუზიაზმით საუბრობდა. შესაძლოა მხარს უჭერენ, ან უბრალოდ სადმე გაიგეს, რომ კარგია. ან იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ ესმით, რა არის ეს. ზოგიერთისთვის ომი საინტერესო თავგადასავალია. ვიღაცას არასოდეს გამოუცდია სიკვდილი, რაღაც საშინელი დანაკლისი. მათთვის ეს ფილმივითაა. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც ყველაფერი ესმის და დეპრესიაში არიან“, – მოსწავლეების განწყობებზე ესაუბრება იგი BBC-ს

გამოცემა იმასაც წერს, რომ ყველა სკოლას არ მიუღია გაკვეთილის „ჩემი ქვეყანა“ ჩატარების მოთხოვნა. მაგალითად, მოსკოვის სკოლის მასწავლებელმა მედიასაშუალებას განუცხადა, რომ მათ მსგავსი მითითებები არ ჰქონიათ, თუმცა, მისივე თქმით, მე-11 კლასელებთან „უკრაინის ოპერაციასთან“ დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, რადგან ბავშვები ამის შესახებ კითხვებს თავად სვამენ.

ალექსანდრე, მასწავლებელი მურმანსკის რეგიონიდან, მიიჩნვს, რომ ბავშვები, როგორც წესი, მშობლების შეხედულებებს იზიარებენ და ეს უკრაინაში არსებულ ვითარებასაც ეხება.

„არინ ბავშვები, რომლებიც დასცინიან, არიან ბავშვები, რომლებიც, პირიქით, მხარს უჭერენ უკრაინას და აპროტესტებენ ომს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვები ხშირად ვერ ბედავენ კითხვების დასმას. ისინი ამას ძალიან იშვიათად აკეთებენ. როდესაც ბავშვებმა მკითხეს ჩემი აზრი, თუ რას ვგრძნობ ამის შესახებ, ვუპასუხე, რომ ნებისმიერი ომი ცუდია და რომ ძალადობა არ არის პრობლემის გადაჭრის გზა“, – თქვა პედაგოგმა.

შეგახსენებთ, რომ ომი რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გაეროს მონაცემებით, ომმა უკრაინის 2 მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე აქცია დევნილად. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი, ჯერ-ჯერობით, უცნობია, თუმცა, მათი რაოდენობა, სამხედრო პირთა შორისაც და მშვიდობიან მოქალაქეებშიც დიდია.

ასევე იხილეთ:

უკრაინის განათლების სამინისტრო 2022 წელს სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა

სტუდენტები საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.