ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ქვეყანაში 235 252 სოციალურად დაუცველი ბავშვია ამ დრომდე არ არსებობს მათი სიღარიბის, შრომის შემცირების სტრატეგია

სახალხო დამცველი: ქვეყანაში 235 252 სოციალურად დაუცველი ბავშვია ამ დრომდე არ არსებობს მათი სიღარიბის, შრომის შემცირების სტრატეგია

„სახელმწიფოში ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“, – ასე ეხმაურება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად კი რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი.

„წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252 მიაღწია. ქვეყანაში არსებული პროგრამები კი კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას და სახელმწიფოში ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო ლომჯარია თვლის, რომ ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული არაერთი გამოწვევის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და სახელმწიფო უწყებების დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით, უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროებების მქონე, მათ შორის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას.

ომბუდსმენი ბავშვთა დაცვის დღეს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების პრობლემასაც ეხმაურება და ამბობს, რომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები კი, რომელიც ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, ასეთია:

„ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

„დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.