„ექიმის საათის“ შედეგი ერთი წლის თავზე – რამდენად დაემატა სკოლის ექიმის ფუნქციას საგანმანათლებლო კომპონენტი
„სკოლებში პილოტირებას გადის ე. წ. „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, თანასწორობის, კიბერბულინგისა და უფლება-მოვალეობების შესახებ“, – ასეთი ჩანაწერია საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიშში, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულებას ეხება და ივნისის თვეში, პარლამენტის სხდომაზე უნდა განიხილონ.
დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, რამდენ სკოლას შეეხო ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დაანონსებული სიახლე, თუმცა ამას არ მალავს განათლების სამინისტრო და 4 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს: პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება საქართველოს 12 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელდა.
უწყებისვე ინფორმაციით, პროგრამის მეორე ეტაპის შემაჯამებელ შეხვედრაზე ითქვა, რომ სკოლის ექიმი საგანმანათლებლო პროცესშიც ჩაერთვება და შესაბამისად, მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება, პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, ჯანსაღი კვება, კონფლიქტების მართვა, თანატოლებთან ურთიერთობა, უცხო ადამიანებთან მოქცევის წესი და გენდერული საკითხები.
უცნობია, როდის მოიცავს პროგრამა საქართველოში არსებულ ათასობით სკოლას, განათლების მინისტრი კი, გასული წლის დეკემბერში ასეთ რამეს ამტკიცებდა, რომ 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორ სამედიცინო კაბინეტებით, ასევე ექიმისა და ექთანის მომსახურებით.
„სკოლის ექიმის ფუნქციას ემატება საგანმანათლებლო კომპონენტი. ექიმის საათის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე“, – თქვა მაშინ მიხეილ ჩხენკელმა.
სამინისტრო გვატყობინებს, რომ პროგრამის ფარგლებში მომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო გეგმები კონკრეტული კლასებისთვის. აღნიშნული სასწავლო გეგმები, სხვადასხვა აქტივობების შემუშავებასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესში საკითხავი მასალების, რესურსებისა და შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებას ითვალისწინებდა.
ასევე იხილეთ:
„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“