ახალი ამბები

მარიუპოლიდან მოქალაქეთა მორიგი ევაკუაცია დღეს დაიგეგმა

მარიუპოლიდან მოქალაქეთა მორიგი ევაკუაცია დღეს დაიგეგმა

მარიუპოლის ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის არმიასთან შეთანხმების შემდეგ, დღეს, 1 მაისს, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია ადგილობრივი დროით 16 საათზე არის დაგეგმილი.

რადგან ქალაქში კომუნიკაცია გართულებულია, მარიუპოლის ქალაქის საბჭო მოუწოდებს ყველას, ხმა მიაწვდინონ ქალაქში დარჩენილ თავიანთ ახლობლებს ევაკუაციის შანსის გაჩენის შესახებ და 16 საათისთვის შეიკრიბონ „პორტ სითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბოლო დღეებში ეს არის მეორე მცდელობა, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა. დაახლოებით 20 ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები გაიყვანეს „აზოვსტალიდან“ გუშინ, 30 აპრილს.

უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ევაკუირებულებს გაეროს დახმარებით უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზაპოროჟიეში გადაიყვანენ.

აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ვიზიტი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ გაეროს დახმარებით იქნება შესაძლებელი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა, სადაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი 100 ათასამდე ადამიანი. ომამდე ამ ქალაქში 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბრძოლები არ შეწყვეტილა. ერთ-ერთი პირველი იერიში რუსულმა არმიამ მარიუპოლზე მიიტანა. აღნიშნულ ქალაქს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რადგან ის ანექსირებულ ყირიმსა და სეპარატისტულ დონბასს შორის დამაკავშირებელ გზაზეა.

მარიუპოლში ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც თავს ამ დრომდე აფარებს, სულ მცირე, ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და ასევე, მებრძოლთა ნაწილი.

მარიუპოლს, გარდა „აზოვსტალისა“, რუსეთის არმია აკონტროლებს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.