როგორ ინიშნება გაცდენების მქონე მოსწავლეების შეფასებისთვის შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება – ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განათლების მინისტრის ბრძანების შემდეგ, რომელიც გაცდენების მქონე მოსწავლეების შეფასებას უკავშირდება, პედაგოგებს ინსტრუქციას აძლევს, თუ როგორ უნდა ჩაინიშნოს ასეთი მოსწავლეების შესაფასებელი შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება.
„ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2021-2022 სასწავლო წელს, საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, ფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე. შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.
„შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში უნდა ჩაენიშნოს „სხვა გამოცდიდან“ თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად“, – განმარტავს განათლების მართვის სისტემა 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში და ინსტრუქციას აქვეყნებს.
„სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ“, – წერია მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
ამავე თემაზე:
როგორ შეფასდებიან წელს ის მოსწავლეები, რომლებსაც გაცდენები დაუგროვდათ – სკოლის ვალდებულება