„ჩემი მოსწავლეების ბევრი საიდუმლო ვიცი“ – გაიცანით პედაგოგი ოზურგეთიდან, რომელსაც გამოცდაზე მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ
„არ ინერვიულო, მას, ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენ ამას შეძლებთ და ჩააბარებთ“, – ამ სიტყვებით შეაცილეს გამოცდაზე მოსწავლეებმა პროფესიული უნარების გამოცდაზე ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში მასწავლებელი, 15 ივლისს, დილის 7:30 საათზე. აღნიშნულის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და სანამ პედაგოგი გამოცდიდან გამოვიდა, მასზე უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა.
მასწავლებელი, რომელსაც ყველაზე დიდი და შეუფასებელი სტატუსი – მოსწავლეთა განუზომელი სიყვარული უკვე აქვს, EDU.ARIS.GE -მ იმავე დღეს იპოვა და დღეს უფრო ახლოს გაგაცნობთ. 57 წლის ნინო ცერცვაძე ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგია. ის 34 წელია, მასწავლებლად მუშაობს. EDU.ARIS.GE-სთან ყვება, რომ 15 ივლისს, მისთვის მოსწავლეების საგამოცდო ცენტრში დანახვა ბედნიერი მოულოდნელობა იყო.
„08:00 საათზე მისულან საგამოცდო ცენტრთან. 9-ის ათი წუთი იყო, რომ დამირეკეს, ნინო მასწავლებელო, დღეს გამოცდა გქონდათ და არ წახვედითო. კი, მივალ მალე-მეთქი, ვუპასუხე და მითხრეს, კარგი, წარმატებებს გისურვებთო. მივედი და იქ დამხვდნენ. ეს მოულოდნელობა და დიდი ბედნიერება იყო. წელს XII კლასში იყვნენ ეს ბიჭები და მე მათ მეხუთე კლასიდან ვასწავლიდი. რომ დავინახე, მსუბუქად ვუსაყვედურე კიდეც, რატომ მოხვედით ბავშვებო, წინ გამოცდა გაქვთ და დაგესვენათ-მეთქი. ერთი გამოცდა კიდევ ჰქონდათ დარჩენილი… რას ლაპარაკობთ, მასწავლებელო, მთავარია თქვენ არ ინერვიულოთ, ყველაფერს შეძლებთო – გამამხნევეს. დიდი მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის და ვუთხარი, არ ვნერვიულობ, თქვენ წადით სახლში, დაისვენეთ-თქო. იქვე, საგამოცდო ცენტრთან ეკლესიაა. მითხრეს, კარგი, გადავალთ ეკლესიაში, სანთელს დავანთებთ თქვენს სახელზე და წავალთო. შევედი გამოცდაზე და როცა გამოვედი, დამხვდა საოცარი ამბავი – ჩემი მოსწავლეები ისევ დამხვდნენ საგამოცდო ცენტრის წინ, ჭიშკრის გადაღმა და ატყდა ტაში, შეუერთდნენ მასწავლებლები, ვინც იქ იყვნენ. უხერხულობაში ჩავვარდი, დავიბენი, ლამის ენა ჩამივარდა მოულოდნელობისგან. სახლში მივედი და ჩემი შვილი მეუბნება, დედა, ეს რა ხდებაო…“
ნინო ცერცვაძე ჩვენთან საუბარშიც თავმდაბლობას იჩენს და ამბობს, რომ ქვეყანაში სხვა მასწავლებლებიც უყვართ მასავით მოსწავლეებს, მაგრამ შემთხვევით ის მოხვდა ადამიანების ობიექტივში. EDU.ARIS.GE-ს თავის მოსწავლეებთან ურთიერთობაზეც მოუყვა.
„ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ. ამ სკოლაში 2008 წლიდან ვასწავლი. მე აღმოვჩნდი ის მასწავლებელი, რომელიც სხვამ დაინახა ამ სიტუაციაში და ფოტოებიც გადაუღო, თორემ ქვეყნის მასშტაბით ალბათ ძალიან ბევრი იქნება ჩემნაირი და – უკეთესებიც. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს მოსწავლეებთან და მათგანაც იმავე ვგრძნობ. ჩემი დადებითი მხარე ალბათ ის არის, რომ არც გაკვეთილზე და არც ისე, არასოდეს ამიწევია ხმისთვის მოსწავლესთან. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ მოსწავლე არასოდეს შემიფასებია 4 და 5 ქულით. ბავშვი ასევე არასოდეს შემიფასებია მხოლოდ იმით, კარგად სწავლობდა თუ არა. ყველაზე მთავარი ჩემთვის არის მოსწავლის ადამიანობა, ღირსება, თავმდაბლობა… ამას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას და ვამბობ კიდეც მათთან. ამ ბავშვების დამრიგებელი არ ვიყავი, მაგრამ იმდენი საიდუმლო ვიცოდი ამ კლასის როგორც ბიჭების, ისე გოგოების, რომ ახლო ურთიერთობა მქონდა. ახლა VI კლასი მყავს სადამრიგებლო და მათთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ყველაფერს მიყვებიან. ბევრი ისეთი რამ ვიცი, რაც შეიძლება მშობელს არ უთხრან და მითხრან მე“, – გვიყვება მასწავლებელი.
ნინო ცერცვაძე წამყვანი მასწავლებელია. გამოცდის წარამატებით ჩაბარების შემთხვევაში, მენტორის სტატუსი უნდა მიიღოს. ამბობს, რომ დარწმუნებულია, საგამოცდო საკითხები კარგად დაწერა და ამის მოტივაცია იმ მოსწავლეებისგანაც მიიღო, საგამოცდო ცენტრთან რომ დახვდნენ.
„ბავშები დილის 8 საათზე უკვე იქ იყვნენ. დაბა ანასეულშია ჩვენი სკოლა, ქალაქიდან ცოტა მოშორებით და სახლიდან ალბათ 7 საათზე გამოვიდნენ. წამყვანი მასწავლებელი ვარ და იმ დღეს მენტორის გამოცდაზე გავდიოდი. ვფიქრობ, საშუალოზე მაღალ ქულაზე დავწერე. წამყვანის სტატუსისთვის გამოცდის ჩაბარება ონლაინ რეჟიმში მომიწია კოვიდის გამო. ვირუსი მქონდა, ვწერე და მეორე დღეს საავადმყოფოში გადასაყვანი გავხდი. მაშინ დავწერე ასეთ მდგომარეობაში და ახლაც იმედი მაქვს. ჩემი ძლიერი მხარე წერაა და ვფიქრობ, ფუნქციური წერა კარგად დავწერე. სულ ვკითხულობ, სულ წიგნების ძებნაში ვარ. მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა თუ დღეს თანამედროვე მეთოდები არ იცი, ისე გაკვეთილზე არ უნდა შეხვიდე. ამ გამოცდით თუ არ გავხდები მენტორი, არც ეს ნიშნავს დიდ რამეს. მთავარია, ჩემი მოსწავლეები მიყვარდეს და ვაკეთებდე იმ საქმეს, რომელსაც ვემსახურები. სტატუსები არ წყვეტს ჩემთვის არაფერს“, – ამბობს ნინო ცერცვაძე.
ასევე იხილეთ:
„საუკეთესო დამრიგებლის“ ჯილდო მოსწავლეებისგან – საჩხერელი პედაგოგის ბავშვებთან ურთიერთობის მეთოდები