ზურაბიშვილი: ერთობის გარეშე შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 7 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი. შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბარში ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში არავინაა ომის მომხრე და „ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე იმის, რომ საქართველოს გაძლიერდეს, იყო ერთიანი, დამოუკიდებელი,“.
„მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის მნიშვნელობა. არ უნდა ყველაფერი გადავიტანოთ ტრაგიზმში, ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომელიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები და ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო ძლიერია, ჩვენი დემოკრატია უფრო ძლიერია, ჩვენი გზა ევროპისკენ უფრო ძლიერია.
ამიტომ დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში, ამისთვის, უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს და უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ.
ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არ არის არავინ ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის.. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე იმის, რომ საქართველოს გაძლიერდეს, იყო ერთიანი, დამოუკიდებელი. და ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის თავიანთი სიცოცხლე დადეს და ამას პატივს უნდა ვცემდეთ”,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ეს მეორე ოფიციალური განცხადებაა, რომლითაც ზურაბიშვილი 2008 წლის ომს დღეს გამოეხმაურა. მანამდე მან ტვიტერზე დაწერა, რომ სხვა თარიღებთან ერთად, 2008 წელიც ნათლად აჩვენებს რუსეთის დაუნდობელ პოლიტიკას.
ზურაბიშვილი: 1802; 1921; 1992; 2008 – ეს თარიღები საქართველოს მუდამ ემახსოვრება
წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.