კაცმა ნათესავი ქალი მოკლა, გაძარცვა და შემდეგ ცხედარს ცეცხლი წაუკიდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ნათესავი ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი დაწვა.
უწყება გამოძიების მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 31 წლის კაცმა გლდანში ნათესავი ქალი ბასრი საგნით დაჭრა და მოკლა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარება სცადა, თუმცა, ვერ შეძლო – „იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა,“.
უწყება ამატებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეს მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.