არ მჯერა, რომ ვინმე ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას – ილვესი
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი აცხადებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს და ევროპა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ისეთი ქვეყნებისგან მოელის, რომელსაც “თავისიანად” განიხილავს. ამასთან, მისი თქმით, თუ გაირკვევა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, ამას მოჰყვება ქვეყნის იზოლაცია. ამის შესახებ ილვესმა “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“არ მჯერა იმის, რომ ვინმე ცდილობდეს საქართველოს ჩათრევას რაიმე ომში. მე ვარ ერთ-ერთი ბრალდებული იმაში, რომ ომი მინდა და საქართველოს ომში ჩათრევას ვცდილობ. მე მსგავსი არასდროს არაფერი მითქვამს, არასდროს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივია. მე ეს საერთოდ არ მესმის…
მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, რუსეთთან ომში ჩართვა არავის უნდა, მათ შორის არც ესტონეთს, და რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ეს საქართველოსთვის? მე არასოდეს, არანაირ კონტექსტში ეს მოსაზრება არ გამომითქვამს და არ გამივრცელებია.
მეორე მხრივ, სანქციების შესახებ რომ ვთქვათ, ამას ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს არის ის, რასაც მოველით ვინმე ისეთისგან, რომელსაც ჩვენიანად განვიხილავთ. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამას რეაგირება მოჰყვება და ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება”, – განაცხადა ილვესმა.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ მის მიმართ ისეთი სოლიდარობა არ გამოიჩინა, როგორც სხვა ბევრმა ქვეყანამ. მისი თქმით, ეს უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. გარდა ამისა, ილვესმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა, რითაც ადამიანებზე გავლენას ვერ მაოხდენს:
“ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია პრობლემაა. რომ საქართველომ არ გამოავლინა ისეთი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, როგორიც ბევრმა სხვა ქვეყანამ. ეს უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. მაგრამ ეს ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, რასაც საქართველო ქვეყნის შიგნით აკეთებს – რომ ბევრი არაფერი გაუკეთებია ისე, როგორც ამას ევროკავშირში მოელოდნენ. ამაში ვგულისხმობ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას, ევროკავშირის საელჩოებზე მიყურადებას და სხვა. ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების გაჩენა და ადამიანებზე გავლენის მოხდება არის შესაძლებელი”, – უთხრა “ამერიკის ხმას” ილვესმა.