ახალი ამბები

თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე, ქვათაცვენის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე, ქვათაცვენის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

17 აგვისტოს ღამით თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ქვათაცვენის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ესაა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, სადაც, როგორც დედაქალაქის მერმა მიმდინარე კვირაში თქვა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე უნდა გამოცვალონ.

“გაცნობებთ, რომ დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა. კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა”, — აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.

ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის შემთხვევა 14 აგვისტოსაც დააფიქსირეს, თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ, 17 აგვისტოს ინციდენტი გზატკეცილის სხვა მონაკვეთზე მოხდა. შემთხვევის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ორშაბათის ქვათაცვენის შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა, რომ გზატკეცილის მიმდებარე კლდოვან ფერდზე ახალ დამცავ ბადეს მოაწყობენ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა.

ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა”, — ამბობს მერია.

უწყების პრესსამსახურის განცხადებით, ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა, რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში. სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია.

მერიის ცნობით, მოძრაობა 17 აგვისტოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილასაც შეიზღუდება, სპეციალისტები ადგილს შეისწავლიან და “შესაბამისი ღონისძიებების გატარება”. როდემდე და რა ფორმით შეიზღუდება ამ მონაკვეთზე მოძრაობა, ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

გარეკანის ფოტო: ფოტოასლები სალი ჯიქიძის ვიდეოდან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.