ამერიკული განათლება კიბერუსაფრთხოებაში, ორმაგი დიპლომი და სრული დაფინანსება – მომავლის პროფესიის შესწავლის ექსკლუზიური შესაძლებლობა SANGU-სგან
კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამა – ასე ეწოდება ახალ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) ამოქმედდა. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად (NKU) შექმნილი ინოვაციური პროგრამა კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგ, ქართულ და ამერიკულ აკადემიური ხარისხს მიანიჭებს და წარმოუდგენლად მზარდ შრომით ბაზარზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუხსნის გზას. რაც მთავარია, ის 30 სტუდენტი, რომელიც კონკურსს გაივლის და კურსზე ჩაირიცხება, სწავლის გადასახადისგან გათავისუფლება. მათი საკმაოდ ძვირადღირებული განათლების ხარჯებს, უნივერსიტეტი მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.
მომავლის პროფესიის მიღების ახალი, ექსკლუზიური შესაძლებლობის შესახებ უნივერსიტეტში საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქართველი თუ უცხოელი პარტნიორები, განათლების სფეროს, სამეცნიერო წრეების, ხელისუფლების, საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ბრაჭული უძღვებოდა, რომელმაც დღეს ისტორიული უწოდა და დასძინა, რომ უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტების მომზადების დაწყება სწორედ რომ მსგავს შეფასებას იმსახურებს. მისივე თქმით, პროგრამა არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ კულტურალური მნიშვნელობისაა, ვინაიდან კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის, ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს. რექტორის შეფასებით, პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარების საქმეშიც.
„პროგრამის შექმნის იდეა დაიბადა იქიდან, რომ ქვეყანაში ახლაგაზრდა, შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე კადრების გადინების დიდი პრობლემაა. ხარისხიანი განათლების შესაძლებლობის გაჩენა იქნება ნაბიჯი ამ პროცესის დარეგულირებისკენ. ჩვენი ახალგაზრდები აქვე შეძლებენ საერთაშორისო რანგისა და ხარისხის განათლების მიღებას.
ეს პროფესია, მსოფლიოში, ყველაზე მოთხოვნადია. მის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება და სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მითუფრო, ჩვენთვის, ეს თემა ძალიან სენსიტიურია, რადგან ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, ისეთი პროცესებით გარშემორტყმული, რომ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ჩვენთანვე მომზადებული ძლიერი სპეციალისტები განსაკუთრებულად საჭიროა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით მომზადდება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა, ამ კულტურის განმავითარებელთა პირველი მძლავრი თაობა, რომელსაც შემდგომ სხვა თაობებიც მოჰყვებიან“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმაც მიმართა. მან პროგრამისა და ქართული-ამერიკული უნივერსიტეტების პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამინისტრო მსგავს წამოწყებებს მიესალმება.
„ყველა ვთანხმდებით, რომ როდესაც ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობთ, მას მუდმივი შრომა და განვითარება სჭირდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელით მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან საქმეში.
„თქვენს წიაღში არიან კომპეტენტური და პროფესიონალი მეცნიერ თანამშრომლები. მე მათ პერსონალურად ვიცნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეამაყება. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის განხორციელებას არანაირი კითხვის ნიშანი არ ექნება. თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ყველა ინიცირება, რომელიც ხარისხიანი განათლების მიწოდებისკენ იქნება მიმართული, ჩვენგან, უცილობლად მხარდაჭერილი იქნება“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დამსწრე საზოგადოებას ვიდეოსტრიმის მეშვეობით ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანმაც მიმართეს. ამერიკის ელჩმა საკუთარ სიტყვაში ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ამის ფარგლებში სამომავლოდაც არაერთი საჭირო, მნიშვნელოვანი და დროული პროგრამა დაინერგება.
„მოხარული ვარ, რომ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ვიმყოფები, სადაც ახალი პროგრამა იხსენება. ეს პროგრამა საუკეთესო ამერიკული და ქართული განათლების ინოვაციას აერთიანებს და სტუდენტებს კიბერუსაფრთხოებაში ამერიკულ განათლებას სთავაზობს. კურსდამთავრებულებს ექნებათ არა მხოლოდ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, არამედ ისინი ხელს შეუწყობენ ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს, ძალიან მნიშვნელოვანია.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს საპატრიარქოსთან. თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის სწორედ ამ ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და დარწმუნებული ვართ, წინ კიდევ მრავალი პროექტი გველის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
კენტუკის უნივერსიტეტის როლზე პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში, EDU.ARIS.GE წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორს, კიბერუსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელს კობა გელაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ამ სფეროში წამყვანი უნივერსიტეტია და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საუკეთესოდაა აღიარებული. პარტნიორის კომპეტენცია კი, მისი შეფასებით, პროგრამის წარმატების გარანტიაა.
პროფესორის თქმით, სწავლება საქართველოში ზუსტად ისეთივე ფორმატით წარიმართება, როგორ ამერიკაში – იგივე ლექტორები, იგივე საგნები, იგივე სასწავლო მასალა. სწავლის პერიოდში სტუდენტები ორი კვირით გაემგზავრებიან ამერიკაში, ლექციებს მოისმენენ, პრაქტიკას გაივლიან და NKU-ს კამპუსში იცხოვრებენ. ასევე, ამერიკელი პროფესორები წელიწადში ორჯერ ეწვევიან SANGU-ს და ინტენსიურ ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ.
„მომართვიანობა მაღალია. მისაღებ ადგილზე ორჯერ მეტი განაცხადი უკვე შემოსულია. სპეციალობის პოპულარულობიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი არც არის. ამ მიმართულების კადრების მზარდ დეფიციტზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზით, მოთხოვნა, შემდეგი წლების განმავლობაში, სულ უფრო მზარდი იქნება. საქართველოს კანონიც უკვე ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომ შტატში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეთ. რაც მოთხოვნას საქართველოშივე ზრდის. მაღალი და კიდევ უფრო მზარდია ანაზღაურებაც. ასე რომ, აპლიკანტებს შესარჩევად, სამომავლოდ, კიდევ უფრო დიდ კონკურსს ველით“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კობა გელაშვილმა.
რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტს: cybersecurity@sangu.edu.ge