ახალი ამბები

„შემოთავაზებული სიახლეებით მასწავლებლის პროფესიაში წინსვლის შესაძლებლობა უფრო მცირდება“

„შემოთავაზებული სიახლეებით მასწავლებლის პროფესიაში წინსვლის შესაძლებლობა უფრო მცირდება“

„როცა სტატუსის ამაღლებისთვის მოთხოვნათა სიას გავეცანი მივხვდი, რომ უფრო მეტი სირთულეების წინაშე ვდგავართ და არათანაბარ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით“, – ასე ფიქრობს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილი ცვლილებების გაცნობის შემდეგ ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა გოგოლაძე, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სკოლებისთვის გადაგზავნილ „მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების“ შესახებ მომზადებულ პირველად დოკუმენტსაც გაეცნო.

საჯარო სკოლებმა, 31 დეკემბერს, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ დოკუმენტი მიიღეს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით შემუშავდა და პროფესიული განვითარების სქემასთან არის მიბმული. დოკუმენტი აღწერს შეფასების პროცესს, რომელიც უნდა გაიარონ პედაგოგებმა მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად.

შეფასების რა პროცესი უნდა გაიაროს მასწავლებელმა სტატუსის ასამაღლებლად – დოკუმენტი

შორენა გოგოლაძე 2 ნოემბერს, EDU.ARIS.GE– სთან საუბარში ამბობს, რომ მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია და ეს პროცესი თუ საქმიანობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ პედაგოგს მოტივაცია არ დაეკარგოს. შემოთავაზებული სიახლეებით კი, პროფესიაში სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა უფრო მცირდება, რადგან დოკუმენტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოება და შემდგომი პროცედურების გავლა ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.

„როცა სტატუსის ამაღლებისთვის მოთხოვნათა სიას გავეცანი, მივხვდი, რომ უფრო მეტი სირთულეების წინაშე ვდგავართ და არათანაბარ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა პედაგოგი არ არის ახალგაზრდა და ჩვენი შესაძლებლობებიც განსხვავდება. არიან მასწავლებლები, რომლებსაც წერა საერთოდ არ უყვართ და დოკუმენტების წარმოება ნამდვილად რთული გამოწვევაა მათთვის. ამასთან, თითოეულ პედაგოგს ძალიან დიდი, კოლოსალური შრომა უწევს: სკოლაში გაკვეთილის დაგეგმვა, აქტივობების მოფიქრება, მასალის მოძიება… ყოველ ჯერზე ახალი უნდა მოიფიქრო, მოსაწყენი რომ არ იყოს აქტივობები. კიდევ ამის იქით ყოველივე ამ პროცესების დოკუმენტალურად წერა, რეფლექსიების თანდართვა, ფოტომასალის შეგროვება, ანგარიშის გაკეთება…ძალიან ბევრ დროს, ენერგიას და რესურს მოითხოვს, რომელიც სამწუხაროდ ისედაც ძალიან ცოტა გვაქვს“, – აცხადებს ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი.

ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, რას ფიქრობს სიახლეზე, რომლის თანახმად, სტატუსის გაუმჯობესების მსურველ პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლა აღარ მოუწევთ, კვლევა კი განსხვავებული სახით შემოდის კომპეტენციის დადასტურების პროცესში. შორენამ გვითხრა, რომ ამ სიახლეს ნამდვილად მიესალმება, რადგან ის ისედაც არ იყო რელევანტური და არ იყო მასწავლებლის საქმიანობისთვის საჭირო.

„მიმაჩნია, რომ გარე დაკვირვების გაუქმება მართებულია და ის ისედაც არ იყო რელევანტური, ასევე არ იყო მასწავლებლის საქმიანობისთვის საჭირო. რაც შეეხება კვლევას იმ ფორმით, როგორც მოგვეთხოვებოდა, არ იყო მისაღები. რასაკვირველია, ორივე აქტივობა მოითხოვდა უამრავ დროს, მაგრამ ამ ყველაფრის კეთებაც, რაც ჩამოთვლილია (დოკუმენტალურად) ახლაც ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. ფაქტობრივად, მასწავლებელს არ რჩება საშუალება იფიქროს მომდევნო გაკვეთილზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პირად საჭიროებებზე, ოჯახზე, ექიმთან ვიზიტზე…“, – გვიხსნის მასწავლებელი.

შორენა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ სტატუსის ამაღლების პროცესში, მასწავლებლებმა მხარდაჭერა უნდა იგრძნონ და ისურვებდა, უფრო მეტად იქნას გათვალისწინებული მასწავლებელთა ფიზიკური შესაძლებლობებიც, ხოლო მოქმედი სტატუსის მინიჭების გარანტია გამოცდა იყოს და არა „დოკუმენტაციის ლამაზად გაფორმება“:

„სტატუსის ამაღლებისათვის უნდა შეირჩეს ისეთი ფორმა, რომელიც ყველა მასწავლებელს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და განსაზღვრავს ამ პირობებში თითოეულის შესაძლებლობებს. გამოცდამ უნდა აჩვენოს მასწავლებლის საგნის ცოდნაც და უნარებიც, ბარიერები კი დაწესდეს სტატუსის შესაბამისად, ამ შემთხვევაში უფრო მეტ დროსაც დავზოგავთ, ენერგიასაც და ხელშეწყობაც გვექნება“.

სკოლებს განახლებული სქემის სამუშაო დოკუმენტის შესახებ უკუკავშირის გასაგზავნად დრო 7 ნოემბრის ჩათვლით აქვთ.

ამავე თემაზე:

„გამოცდის შედეგით შეფასდეს პედაგოგი და მიენიჭოს სტატუსი“ – მასწავლებლის სქემაში ცვლილებები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.