რუსეთმა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებიდან ერთის განადგურებაც ვერ შეძლო — POLITICO-ს წყარო
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სარაკეტო სისტემებიდან ერთის განადგურებაც ვერ შეძლო — იტყობინება გამოცემა POLITICO აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, ჯამში, $18.9 მილიარდზე მეტი გამოუყო უსაფრთხოების მიზნებისთვის, მათ შორის $18.2 მილიარდი — 24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
პაკეტი მოიცავს HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებსაც, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი იარაღია უკრაინისთვის, მოწინააღმდეგის პოზიციების მიზანში ამოსაღებად.
ჯამში, ვაშინგტონმა კიევს 20 ასეთი სარაკეტო სისტემა გადასცა.
რას წარმოადგენს HIMARS და M270 სისტემები?
მრავალფუნქციური მოდულურ სარაკეტო სისტემებს — M-270 MLRS ან HIMARS — შეუძლია, გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა. აღნიშნულ რაკეტებს შეუძლია, სამიზნეებს მისწვდეს 70-80-120 კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით — 150 კმ მანძილზე.
HIMARS დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.
HIMARS და MLRS მსგავს შესაძლებლობებს და დიაპაზონს უზრუნველყოფენ, მაგრამ HIMARS არის მსუბუქი ვერსია, რომელიც მოძრაობს ბორბლიან შასიზე და საათში 50 მილს ავითარებს. MLRS მოძრაობს ლიანდაგზე და შედარებით ნელა. HIMARS-ს შეუძლია ექვსი რაკეტის გასროლა ერთდროულად, ხოლო MLRS-ს — 12-ის გაშვება.