მაკრონი რუსეთზე განცხადების გამო კრიტიკას პასუხობს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხმაურება რუსეთისათვის „უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე“ თავის განცხადებაზე კრიტიკას.
„არ უნდა შევქმნათ პრობლემა იქ, სადაც ის არ არსებობს“, – განაცხადა მან ევროკავშირი-ბალკანეთის სამიტზე ჩასვლისას ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში და დასძინა:
„მე ყოველთვის ვამბობდი ერთსა და იმავეს, – რომ საბოლოოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას იქნება [საუბარი] ტერიტორიულ საკითხებზე უკრაინასთან დაკავშირებით, – და ეს [ტერიტორიები] ეკუთვნით უკრაინელებს, – და იქნება [საუბარი] კოლექტიური უსაფრთხოების საკითხზე მთელ რეგიონში“.
რამდენიმე დღის წინ მაკრონმა თქვა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს, როგორ მოაგვაროს რუსეთის საჭიროება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს დასთანხმდება.
„როიტერსის“ ცნობით, ფრანგულ ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში, რომელიც ჩაწერილია შეერთებულ შტატებში გასულ კვირას მისი ვიზიტის დროს, მაკრონმა თქვა, რომ ევროპამ თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა მოამზადოს.
„ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ — როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა — არის შიში იმისა, რომ ნატო მის კარებს მიაღწევს; ასევე, იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება დაემუქროს რუსეთს“, — თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, ეს იქნება სამშვიდობო თემების ნაწილი.
„ამიტომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ, თუ რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“, — განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის იქნება რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზად.
ემანუელ მაკრონის ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა დასავლეთსა და უკრაინაში.
უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით არახამიამ, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები და ამისთვის საკმარისია:
- დატოვონ უკრაინის ტერიტორია;
- რეპარაციების გადახდა;
- დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე;
- ბირთვული იარაღის ნებაყოფლობით დათმობა.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, — განაცხადა არახამიამ.
2021 წლის დეკემბერში, უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზებით ომით მუქარის პარალელურად, რუსეთმა აშშ-ს და ნატო-ს უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე შეთანხმება შესთავაზა და უარი მიიღო. მოსკოვი მოითხოვდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.
რუსეთის მოთხოვნა იყო, არ განთავსდეს ნატოს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.