ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, “ოცნებიდან” გასულების მიერ დეგნანთან პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის

ღარიბაშვილის თქმით, “ოცნებიდან” გასულების მიერ დეგნანთან პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების მიერ აშშ-ის ელჩთთან წარმოებული პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, რომლის დროსაც მან მოუწოდა მთავრობას, გაემიჯნოს მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატების რიტორიკას. ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომელიც შეეხება ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს და პოლემიკას, რომელიც მათ გამართეს აშშ-ის ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან: რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცანი მათ კრიტიკულ კითხვებს, წერილებს.

ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს და ყოველთვის ექნება გამოხატვის თავისუფლება… მეორე მხრივ, მინდა შევახსენო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, სტაბილურად ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას.

მე, როგორც პრემიერი, ჩვენი მმართველი გუნდი ვართ, ვალდებულნი და პასუხისმგებელნი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა. ისეთების, როგორც არის აშშ — ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი, ევროპული სახელმწიფოები”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი სიტყვებით, “ჩვენი პატარა სახელმწიფო ძალიან ძლიერი ხალხით” მოკავშირეთა გარეშე “დიდ წარმატებებს” ვერ მიაღწევს და მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის როლი აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერებაში მდგომარეობს.

“მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინეთ, პოლემიკაც მოვისმინეთ. მე მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.

მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა შევახსენო ყველას, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, აშშ-ს ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული ჩვენი ქვეყნის, არაერთი მიმართულებით.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში აშშ-ის, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველ მიმართულებით… მას ჰყავს თავისი წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას და მის წარმომადგენლებს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს. გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა…” — უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი სიტყვებით, კელი დეგნანი არის “ძალიან აქტიური ელჩი”, რომელიც აშშ-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ ყველა პროექტშია ჩართული.

“…მე ვფიქრობ, რომ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ”, — დაამატა ღარიბაშვილმა.

მანამდე, ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მოუწოდა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას, “გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს თუ ოთხეულებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან”.

“არ შეიძლება, ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და შემდგომ [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა პარტნიორს, რომ ვითომ იმათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ესაა მათი მიზანი.

ეს იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ. არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია”, — დასძინა პრეზიდენტმა.


გასულ პერიოდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ კონფლიქტში საქართველოს მთავრობის ლიდერების ორაზროვანი განცხადებების გამო დასავლეთიდან მათი კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

მეორე მხრივ, “საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის” მიწოდების საბაბით მმართველი პარტიიდან ოფიციალურად გასულმა სამმა დეპუტატმა — დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა — უფრო თამამად დაიწყო საუბარი და განვითარება კონსპირაციისა, რომლის თანახმადაც დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

კრიტიკა ასევე გაძლიერდა ევროკავშირის აწ უკვე ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ. მას შემდეგ, რაც ელჩობის ვადა ამოეწურა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.

“ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს მოგვიანებით გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა. აგვისტოს დასაწყისში ოთხეულმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.