ახალი ამბები

პუტინი ახალ სამიზნეებზე დარტყმით იმუქრება, თუ დასავლეთი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს

პუტინი ახალ სამიზნეებზე დარტყმით იმუქრება, თუ დასავლეთი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს

რუსეთის პრეზიდენტი იმუქრება, რომ რუსეთი ახალ სამიზნეებს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

“ჩვენ დავარტყამთ იმ სამიზნეებს, რომელთათვისაც აქამდე არ შეგვიტევია”, — დასძინა პუტინმა “რასია 1”-ის ეთერში იმ შემთხვევის განხილვისას, თუკი დასავლეთი ზემოხსენებულ რაკეტებს მიაწვდის უკრაინას.

პუტინს არ დაუკონკრეტებია სამიზნეები, რომლებზე დარტყმითაც დაიმუქრა. ასევე ბუნდოვანია, მის მიერ ნაგულისხმევი ობიექტები უკრაინის შიგნით მდებარეობს თუ მის გარეთ.

პუტინის განცხადებით, “აურზაური” უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების გარშემო შექმნილია კონფლიქტის გაჭიანურებისთვის.

უკრაინა არაერთგზის ითხოვს მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, როგორიცაა M270 და M142 HIMARS, რათა დაარტყას ჯარებსა და იარაღის მარაგებს რუსული ძალების ზურგში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ უკრაინისთვის HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გადაცემას გეგმავს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების თანახმად, კიევმა ვაშინგტონს მისცა გარანტია, რომ ხსენებულ იარაღს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე შეტევისთვის.

მიუხედავად რუსი ოფიციალური პირების გაფრთხილებისა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილებამ უკრაინისთვის მოწინავე სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ, შესაძლოა, გაამწვავოს კონფლიქტი, პუტინმა თქვა, რომ ეს არ გამოიწვევს რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას ბრძოლის ველზე.

ამჟამად HIMARS-ის საარტილერიო სისტემას მსოფლიოს 4 ქვეყანა იყენებს, მათ შორის აშშ, რუმინეთი, იორდანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

80-კილომეტრიანი მოქმედების საარტილერიო სისტემა არის ყველაზე შორს მოქმედი იარაღი, რაც აქამდე უკრაინისთვის გადაუციათ.

უკრაინული მხარის განცხადებით, მათ სჭირდებათ, მათ შორის, შორს მოქმედი საარტილერიო სისტემები, რათა შედარებით დაცული ტერიტორიიდან მიიტანონ შეტევა მოწინააღმდეგის პოზიციებზე.

ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი იყენებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებისას, გულისხმობს ტერიტორიის წინასწარ საჰაერო და საარტილერიო უწყვეტ დაბომბვებს, მოგვიანებით კი ამ ტერიტორიაზე ცოცხალი ძალითა და ტექნიკით შესვლას.

ამ სტრატეგიის დროს, როგორც წესი, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.