პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მისი შეწყალების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილი არიან სააკაშვილის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი და მხარდამჭერები .

დემონსტრაციის ორგანიზატორი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

„ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. მოვედით აქ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გადაარჩინოს როგორც მისი სიცოცხლე, ასევე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი“, – განაცხადა მუმლაძემ და თქვა, რომ „კადრები, რაც ვნახეთ, იყო უმძიმესი და მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნის ყოველი დღე აახლოებს სიკვდილთან“.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა კარვების გაშლას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მუმლაძემ უპასუხა:

„ბუნებრივია, ეს ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რადგან დღეს აქ ვაპირებთ დარჩენას. ამით ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ერთადერთი გზა არის ქუჩაში გამოსვლა, პირადი თავგანწირვის მაგალითი, დისკომფორტის შექმნა როგორც სამართალდამცავი უწყებებისთვის, ისე სალომე ზურაბიშვილისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და, ზოგადად, „ქართული ოცნებისთვის““.

მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი აცხადებს: „მე მჯერა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი გამოიჩენს კეთილგონიერებას, გამოიჩენს ჰუმანურობას და, ბოლოს და ბოლოს, გადადგამს ამ ნაბიჯს, რაც მისცემს საშუალებას მიხეილს, გააგრძელოს მკურნალობა სპეციალიზებულ კლინიკაში“.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამასთან, ის ამბობდა, რომ სააკაშვილი მიჩნეულ უნდა იქნას განსაკუთრებულ პატიმრად და ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას: „პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს“.

მოგვიანებით, 2022 წლის 21 ნოემბერს BBC-ის გადაცემა Hardtalk-ში ჟურნალისტ ზეინაბ ბადავის კითხვაზე, – იმ შემაშფოთებელი შეფასებების ფონზე, რაც ექიმების კონსილიუმს ჰქონდა ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ამის ძალა აქვს, – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა:

„მე არა მაქვს ეს ძალა. ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: განაჩენის გამოტანის პროცესი დასრულებული არ არის, მას კვლავ ასამართლებენ და, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ შეეძლოს, შეიწყალებდა თუ არა მას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„ეს სხვა საკითხია. მე არაერთხელ განმიმარტავს საქართველოში, რატომ არ გავაკეთებდი ამას – იმიტომ, რომ ეს ძალიან ძლიერი მაპოლარიზებელი ფაქტორია“…

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.