მიცკევიჩზე ნაპოვნ დიპლომატების მონაცემების შემცველ დოკუმენტაციაზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე — შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. ბუღალტერმა თქვა, რომ ეს არის 2019 წლის საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დალუქულ ყუთებში იყო და სამსახურში უნდა დაებრუნებინა, თუმცა მანქანა გაუფუჭდა და შეფერხება ამან გამოიწვია. ის ამბობს, რომ არ იცის, ვინ გახსნა ყუთები და არ გამორიცხავს პროვოკაციას.
ტელეკომპანიის ცნობით, ფურცლებზე დატანილია საერთაშორისო დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების პირადი მონაცემები, პასპორტების ასლები, ტელეფონის ნომრები და ინფორმაცია სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის შესახებ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.