განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორობის მსურველთა დამატებითი ტესტირების თარიღი დაადგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების დამატებითი სესია 19 თებერვალს ჩატარდება.
როგორც მიხეილ ჩხენკელის 15 თებერვლის ბრძანებაშია ნათქვამი, ტესტირების პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.
„ტესტირების ხანგრძლივობა – 5 საათი. მხედველობის პრობლემის მქონე პირებისათვის, რომლებიც წინასწარ წერილობით აცნობებენ აღნიშნულის თაობაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და განცხადებას თან დაურთავენ დამადასტურებელ დოკუმენტს – 5 საათი და 30 წუთი“, – აღნიშნულია განათლების მინისტრის ბრძანებაში.
მიხეილ ჩხენკელის უწყებამ დღემდე არ უპასუხა EDU.ARIS.GE-ს კითხვებს იმის თაობაზე, თუ სად ჩატარდება და რამდენი პირი გადის ტესტირების დამატებით სესიაზე, ასევე, რატომ იგვიანებს 22 იანვარს გამოცდაჩაბარებულთა შედეგების გამოქვეყნება.
როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განგვიცხადეს, ტესტირების დამატებითი სესიიის შესახებ ინფორმაცია აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიაწოდეს.
19 თებერვალს დაგეგმილ ტესტირებაზე გამსვლელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დამატებით ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.
ამავე თემაზე: