პაპუაშვილმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს რუსულ კანონზე წერილი გაუგზავნა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს რუსული კანონის შესახებ წერილი მისწერა.
მანამდე პაპუაშვილმა თავად მიიღო მიატოვიჩისგან წერილი, სადაც კომისარი მოუწოდებდა პარლამენტს – არ მიიღოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებული ან ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი.
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
საქართველომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და მასთან თანამშრომლობით არსებით პროგრესს მიაღწია დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი მისწრაფებები დადასტურებულია კონვენციის ფუნდამენტური პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, რამაც მრავალფეროვანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჩვენს ქვეყანაში მტკიცე საფუძველი შექმნა.
ჩვენ ვთანხმდებით იმ მიდგომაზე, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი კანონპროექტი – ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ზუსტი ასლი, ხოლო მეორე – FARA-ის ნაკლებად შემზღუდავი, ლიბერალური ვერსია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს,“ – წერს პაპუაშვილი.
ის ირწმუნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უმკაცრესი რეგულაციები ღიაობასთან, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
„თუმცა, ამის საპირისპიროდ, არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას. რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა.
ამასთანავე, მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები.
აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,“ – წერს პაპუაშვილი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
„ოცნება“ ამბობს, რომ ამგვარი აშშ-დან გადმოიღეს. აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი:
ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს. ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.
ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.