„რამდენად მარტივად კლავენ ეს ცხოველები“ – ზელენსკი უკრაინელი ტყვისთვის თავის მოკვეთის ვიდეოზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, რეაგირება მოახდინონ გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელზეც რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელ ტყვეს თავი მოკვეთეს.
„რამდენად მარტივად კლავენ ეს ცხოველები. მსოფლიომ ეს უნდა იხილოს. ეს ვიდეო არის რუსეთის, ისეთი რუსეთის, როგორიცაა [ეს ქვეყანა].
ეს რა არსებები არიან? მათთვის არ არსებობენ ადამიანები – შვილი, ძმა, ქმარი. ეს არის ვიდეო რუსეთისა, რომელიც ცდილობს, ახალ ნორმად სწორედ ეს აქციოს – სიცოცხლის განადგურების ჩვევა.
ეს შემთხვევითობა და [ცალკეული] ეპიზოდი არაა. ასე ადრეც იყო, ბუჩაში. ათასჯერ იყო ასე. ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
11 აპრილის საღამოს უკრაინაში ომის მხარდამჭერმა რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს უკრაინელი ტყვის სასტიკი მკვლელობის ვიდეო. კადრებზე ასახულია ტყვე ჯარისკაცისთვის რუსი სამხედროების მიერ თავის მოკვეთა.
რუსი ჯარისკაცები ვიდეოში კომენტარებსაც აკეთებენ – „ვიმუშაოთ, ძმებო“, „ადრე თავი არასდროს მომიკვეთია“. მოკვეთილ თავს დამნაშავეები კამერასთანაც აჩვებენ და ამბობენ, რომ ის მოკლულის მეთაურს უნდა გაუგზავნონ.
მკვლელის სახე ვიდეოზე ნიღაბითაა დაფარული. კადრებში აგრეთვე ჩანს მწვანე ფოთლები, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ვიდეო წინა წლის ზაფხულშია გადაღებული.
სასტიკ მკვლელობაზე უკრაინაში უკვე დაწყებულია გამოძიება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალუკამ განაცხადა, რომ დამნაშავეებს იპოვიან – „თუ საჭირო იქნება, ყველგან მივაგნებთ, თუნდაც მიწაში ან საიქიოში“.
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.