„თანავუგრძნობ ქართველ ძმებს“ — ერმაკი სამძიმარს ქართულ ენაზე აქვეყნებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ სამძიმარს უკრაინულ და ქართულ ენებზე აქვეყნებს.
ერმაკის ინფორმაციით, ბახმუტთან, ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ.
„სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა… სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელე , თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამი — ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანაზე, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე… ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან, ბოლო დღეებში,მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს!“, — აცხადებს ერმაკი.
ის, ასევე, მადლობას უხდის ყველა მეომარს, ვინც უკრაინელებთან ერთად იბრძვის.
„აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი ტიტანების ქალაქია!“ — წერს იგი.
5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.