ახალი ამბები

რატომ არ დაუჭირა „ოცნებამ“ მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციას გენოციდად აფასებს

რატომ არ დაუჭირა „ოცნებამ“ მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციას გენოციდად აფასებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა(PACE) უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციას გენოციდად აფასებს. შესაბამისი რეზოლუციას PACE-ში გუშინ, 27 აპრილს, 87 ხმით მიიღეს.

გარდა ამისა, ასამბლეა მიესალმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემას ომის დანაშაულების ბრალდებით და მოითხოვა მათი აღსრულება.

თუმცა რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია საქართველოს დელეგაციას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით იყო წარმოდგენილი. კერძოდ, ​საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში იყვნენ: ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ამბობს, უმრავლესობის წევრებს უკან დასაბრუნებელი ბილეთები დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ნაყიდი და ამიტომ სტრასბურგიდან კენჭისყრის წინა დღეს წამოვიდნენ. მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

„ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები უკვე ნაყიდი იყო იმიტომ, რომ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს და შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, სპეკულაციაა”- განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ბექა დავითულიანი კი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს დელეგაციის რეზოლუციისთვის მხარი შინაარსის გამო არ დაეჭირა.

„შეიძლება, რეზოლუციაში ეწერა სხვა ისეთი რამ, რასაც მხარს არ დავუჭერთ. მაგალითად ერთ-ერთ ძველ რეზოლუციაში ეწერა, რომ ერთი მხრივ, დავუჭიროთ უკრაინას მხარი, მეორე მხრივ გაუშვით სააკაშვილი. ჩვენმა დელეგაციამ ძველ რეზოლუციაზე თქვა, რომ ეს ამოიღეთ და იმას დავუჭერთო. არ ამოიღეს, ვერ დავუჭირეთ. ახლა არ მისაუბრია ჩემს კოლეგებთან, რომლებიც სტრასბურგში იმყოფებოდნენ და შესაბამისად, არ ვიცი რა იყო მიზეზი ამის მიზეზი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.