SANGU-ს ლექტორი: უწყვეტი პროფესიული განვითარება განათლების მიღების საუკეთესო პროცესია
პროფესიის არჩევა ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესმა განაპირობა. შემდეგ იყო სწავლის და პარალელურად მუშაობის წლები. ასევე, პროფესიული და აკადემიური განვითარების რთული გზა, რომლითაც ის აქამდე მოვიდა.
დღეს სალომე წურწუმია სამართლის დოქტორი და SANGU-ს წარმატებული ლექტორია, რომელიც საკუთარ ცოდნას ახალ თაობას სიხარულით უზიარებს და ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას იმ უწყებაში სადაც თავად დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა.
– რატომ აირჩიეთ იურისტობა და სწავლების რა ეტაპები გაიარეთ?
– ადამიანის უფლებების დაცვა – ეს იყო მიზეზი, რის გამოც ავირჩიე იურისტობა. ამიტომ ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. დავასრულე ბაკალავრიატი და სწავლა გავაგრძელე სამაგისტრო პროგრამაზე. როდესაც დავასრულე სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩავაბარე. პარალელურად ვმუშაობდი, რაც შემაფერხებელი იყო სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას, ამიტომ რამდენჯერმე შევიჩერე სტუდენტის სტატუსი. 2022 წელს მოვიპოვე სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
– რა თემაზე დაიცავით დისერტაცია?
– ჩემი სადოქტორო ნაშრომი სიახლით იყო გამორჩეული. ადმინისტრაციულ სამართალში ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე მაშინ არავინ წერდა და ამდენად ეს ნაშრომი ამ საინტერესო მიმართულებაში ნათქვამი პირველი სიტყვა იყო.
– სწავლა და მუშაობა ერთმანეთთან განუყრელად იყო დაკავშირებული თქვენს ცხოვრებაში. სად და რომელ პოზიციაზე მუშაობდით?
– 2010 წელს დავიწყე მუშაობა თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორად. 2011 წელს სხდომის მდივანი გავხდი, ხოლო 2011 წლის ბოლოს გადავედი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც თავიდან სპეციალისტად ვმუშაობდი, შემდეგ – კოორდინატორად და ბოლოს იურიდიულ სამსახურში დავების სამმართველოს უფროსად. 2015 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავედი სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსად, შემდეგ იმავე სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტში ვიმუშავე იურიდიული სამსახურის უფროსად, ამჟამად ვარ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
– პარალელურად სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით.
– დიახ, 2016 წლიდან ვაქვეყნებ სტატიებს. ვარ სახელმძღვანელოს ,,შესავალი კონსტიტუციონალიზმში“ ერთ-ერთი ქვეთავის, კერძოდ, ,,სახელმწიფოს პასუხისმგებლობის“ ავტორი. 2015 წლიდან ლექციებს ვკითხულობ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ყოველთვის ვზრუნავდი ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. მრავალი პროფესიული განვითარების კურსი მაქვს გავლილი. ახლა მიწვეული ვარ ლეიდენის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში სადაც საჯარო ლექცია უნდა ჩავატარო საქართველოს გამოცდილების შესახებ საერთაშორისო არბიტრაჟებში ინფრასტრუქტურულ დავებზე.
– SANGU-ში რომელ საგანს კითხულობთ, რას მოიცავს იგი და თეორიასთან რამდენად არის შერწყმული პრაქტიკა?
– მუნიციპალურ სამართალს ვუკითხავ ბაკლავრებს, ასევე იმიტირებულ პროცესს ადმინისტრაციულ სამართალში სემესტრის შესაბამისად.
– როგორც ვიცი, თქვენს უწყებაში სტაჟიორებად იყვნენ SANGU-ს სტუდენტები, რომლებიც შემდეგ დასაქმდნენ…
– დიახ, ვცდილობ, ჩემს უწყებაში მონდომებული ახალგაზრდები წავახალისო და რეკომენდაცია გავუწიო. რამდენიმე სტუდენტი წავიყვანე სტაჟირებაზე, აქედან ერთი დავასაქმეთ. სტუდენტებს ისე არ წავიყვანთ, რომ დასაქმების პერსპექტივა არ ჰქონდეთ და შემდგომი წარმატება მათზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთი სტუდენტი წავიყვანეთ და დავასაქმეთ, ხოლო რამდენიმე თვის წინ დავაწინაურეთ – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციიდან, პირველზე, მისი მონდომების გათვალისწინებით. ეს, ბუნებრივია, ანაზღაურებაზეც აისახება. პანდემიამ ცოტა შეგვაფერხა, რადგან სპეციალურ რეჟიმზე ვიყავით გადასული, ახლა კი ეს გაგრძელდება და რამდენიმე სტუდენტს შემდგომშიც წავიყვანთ.
– თქვენი აზრით, რომელი უნარებია ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი იურისტისთვის?
– პირველ რიგში, კარგი კომუნიკაციის უნარი, შემდეგ სამართლის ცოდნა. რა თქმა უნდა, ყველა კანონის ზეპირად ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ მთავარია, პრინციპი იცოდეს. კონკრეტულ საკითხზე ზუსტი აქცენტის გაკეთება უნდა შეეძლოს. ბევრი საუბარი იურისტს არ სჭირდება, უნდა ახასიათებდეს ლაკონურობა და უნდა იცოდეს წერა. ეს უკანასკნელი დიდი პრობლემაა. წერა უჭირთ სტუდენტებს, ამიტომ სამართლებრივი წერის მიმართულება უნდა განვითარდეს. უცხოეთში სამართლებრივ წერას 5 სემესტრი ეთმობა, ჩვენთან კი ნახევარი სემესტრი ისწავლება. ამ უნარების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
– რას ურჩევთ სამართლის სტუდენტებს, რა არის საჭირო წარმატებული მომავლისთვის?
– პირველ რიგში, უნდა ისწავლონ. დღეს ბევრი სტუდენტი ქულების მისაღებად დადის უნივერსიტეტში. ეს არ უნდა იყოს მიზანი. იურისტობა ისეთი პროფესიაა, რომ მასზე ადამიანის სიცოცხლე და მომავალი შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამიტომ უნდა ისწავლონ და ბევრი იშრომონ. წარმატება შრომით მიიღწევა და რაც მთავარია, მომავალმა იურისტებმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა ისწავლონ.