დისტანციური სწავლების მოთხოვნით კიდევ 21 095 მოსწავლე დარეგისტრირდა – გაზრდილია დასწრებული სწავლების მსურველთა რიცხვი
10 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 21 095-მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 10 295-მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა, რაც გასული კვირის მონაცემს მკვეთრად აჭარბებს. განახლებული სტატისტიკა EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 26 081 მოსწავლე გადავიდა, კვლავ დასწრებული სწავლება კი 4 604-მა მოითხოვა.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს თავად შეუძლიათ ონლაინ სწავლების რეჟიმი აირჩიონ, მზარდია დახურული სკოლების რაოდენობა. ხოლო ცალკეულად დახურული კლასების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო კვირაში აღარ გაასაჯაროვა. 5 თებერვლის მდგომარეობით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფებოდა.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები კვლავ არასახარბიელოა. 10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება ვაქცინაციას ასაკობრივ ჯგუფებში, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 974 (2.24%), სრულად აცრილია – 2 919(1.65%). ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 481 (15.39%), სრულად აცრილია- 10 938 (13.49%).
შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge
ასევე იხილეთ: