ბავშვის დაცვის გზამკვლევი ციფრული გარემოდან მომდინარე საფრთხეებისთვის
„ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს, აქვს თუ არა მისი პერსონალური მონაცემების ახალი მიზნებისთვის გამოყენების სურვილი, ასევე აირჩიოს, აქვს თუ არა სურვილი სერვისების გაუმჯობესების სანაცვლოდ, უფრო დიდი რაოდენობით გასცეს პერსონალური მონაცემები“, – ასეთი რეკომენდაცია ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევშია მოცემული, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 1-ელ ივნისს გამოაქვეყნა.
გზამკვლევი ზოგად ინფორმაციას აწვდის ციფრულ გარემოში ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტების სფეროთი დაინტერესებულ პირებს და მასში ყურადღებაა გამახვილებული „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ ცნებასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე, მონაცემთა დამუშავების პრინციპებზე, საფუძვლებსა და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებზე.
ბულინგი, შევიწროება ან ადევნება, ციფრული თაღლითობა, პირადი ინფორმაციის მოპოვება ან კონტროლი, პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენება – ეს გზამკვლევში ჩამოთვლილი იმ რისკების არასრული სიაა, რომლის წინაშეც მოსწავლეები შეიძლება აღმოჩდნენ.
„თანამედროვე სამყაროში ციფრულმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო. ბავშვები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ციფრულ სივრცეს, რაც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ციფრული გარემო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, განახორციელონ კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი აზრი და სხვა. შესაბამისად, ერთი მხრივ, ონლაინ სივრცე იძლევა სარგებელს, თუმცა მეორე მხრივ, წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ არ ითვალისწინებს ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, ბავშვის მონაცემთა დაცვის გარანტიების შექმნისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის სრული ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წერს, რომ გზამკვლევი ღიაა ცვლილებებისთვის და სამსახური მიესალმება პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლების, ბავშვების, მათი მშობლების/სხვა კანონიერი წარმომადგენლებისა და სხვა პირთა წინადადებებს მისი გაუმჯობესებისა და შემდგომი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@pdps.ge.
ასევე იხილეთ: