მოქალაქე ვარაუდობს, რომ ბინიდან, სადაც პოლიციელი ცხოვრობს, მის აივანზე ტყვია შევარდა
ტელეკომპანია BMG-ს ჟურნალისტის, თათია ჩაჩიფაძის თქმით, გუშინ, 11 ივნისს, აივანზე ყოფნის დროს მისი ბინის მომიჯნავე ზედა სართულიდან ტყვია, სავარაუდოდ, გაუვარდათ. ტყვიამ გახვრიტა აივნის ჭერი, მისი ანასხლეტი კი, ჟურნალისტის თქმით, შვილს მოხვდა.
როგორც თათია ჩაჩიფაძე განმარტავს, ამ ბინაში პოლიციელი ცხოვრობს.
გუშინ, 11 ივნისს, თათია ჩაფიჩაძემ ფეისბუკზე ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს ჭერში ნახვრეტი, ასევე ტყვია, რომელიც ქალის აივანზე მოხვდა.
„ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან (ალბათ)! ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად ერთი წუთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი, ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა. ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე!
ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია“, – დაწერა მან.
მომდევნო პოსტში ჟურნალისტმა დაწერა, რომ ადგილზე საპატრულო და ექსპერტ-კრიმინალისტთა ეკიპაჟები მივიდა. თუმცა, ჩაჩიფაძის თქმით, ადგილზე მისული სამართალდამცველების ქმედება მას უჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სიმართლეს არ ეუბნებიან.
„როცა კრიმინალური და ექსპერტიზა მოდის და გეუბნება, რომ შენი ზემოთა პოლიციელი მეზობელი 3 დღეა თბილისში არ ყოფილა და ამ დროს კორპუსის თავმჯდომარე გარწმუნებს, რომ დღეს 12სთ-თვის ნახა, მაგ დროს ფიქრობ, რომ შსს-ს თანამშრომლები უკვე რაღაცას გატყუებენ.
კიდევ უფრო გგონია, რომ გატყუებენ, როცა ზემოთა სართულზე სახლში არ შედიან და მის მფლობელთან კონტაქტზე გასვლაზე საათობით არაფერს გაგებინებენ. შენ კიდევ გიყვებიან ამბავს იმაზე, რომ ტყვია, რომელიც სახურავიდან დაგეცა, შესაძლოა ზღვიდანაც კი ყოფილიყო ნასროლი… (ბათუმიდან თუ თბილისიდან?); და ერთ სიტყვას არ ძრავენ უფრო ლოგიკურ ვერსიაზე, თუმცა გიდასტურებენ, რომ შენი ეჭვები მართებულია.
კიდევ უფრო გგონია რომ გატყუებენ, როცა კორპუსის თავმჯდომარე მეორე დღეს (პოლიციასთან საათობრივი კონტაქტის შემდეგ) გეუბნება, რომ შეეშალა და ის პოლიციელი, ვინც მან ნახა, სხვა იყო. კიდევ უფრო გგონია, რომ გატყუებენ, როცა გპირდებიან, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერებს დაგათვალიერებინებენ და არაფერს განახებენ“, – დაწერა მან.
უკვე შემდგომ, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ჩაფიჩაძე განმარტავს, რომ ადგილზე მოსული პოლიციელების ინფორმაციით, მისი მეზობელი მომხდარისას კასპში იმყოფებოდა. უკვე შემდგომ კი დაურეკეს, სახლში მოიყვანეს და აზომეს სროლის შესაძლო ტრაექტორია.
ჟურნალისტის თქმითვე, მეზობელს კარგად არ იცნობს, ტყვიის ჩამოვარდნამდე ზემოთა ბინიდან ხმაური არ ისმოდა – „არც ჩხუბის და არც ქეიფის“.
კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ, თათია ჩაჩიფაძე გვპასუხობს:
„იმდენად თვითონ შსს-ს წარმომადგენლები იქცევიან ისე.. თითქოს, დაინტერესებულნი იყვნენ და გუშინვე მარწმუნებდნენ, არა, შენ გეშლებაო ან ზღვიდან ისროლეს და ეს ბრმა ტყვია მოხვდაო. საერთოდ, არც კი განიხილეს ის ვერსია, რომ ზემოდან შეიძლება ყოფილიყო ეს ტყვია.
განცდა გამიჩნდა, რომ მალავენ… მართალია, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ პირიქით არის და დროულად გამოიძიებენ. სამწუხაროდ, არ მაქვს მსგავსი დამოკიდებულება იმ ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში/“
თათია ჩაჩიფაძის პირველი პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 20 საათის შემდეგ მას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი კოვზიაშვილი.
მან დაადასტურა, რომ ზედა სართულზე ბინა პოლიციის თანამშრომელს ეკუთვნის – „თუმცა არც ის და არც მისი ოჯახის წევრები მომხდარის დროს ცალსახად არ ყოფილან აღნიშნულ მისამართზე.“
„ამასთან, პოლიციის თანამშრომელს არ აქვს გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი და სამსახურებრივი – საშტატო იარაღი არ ჰქონია თან, რადგან არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ექსპერტიზა მუშაობს ტყვიის სროლის ტრაექტორიის დადგენაზე და შედეგებს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.“