რაჭაში ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის გადაცემის პროცესი შეჩერებულია
შეჩერებულია ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის [„ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“] რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი, იტყობინება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
უწყების განცხადებით, ხიდაშელის კომპანიას არ წარმოუდგენია აუცილებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ:
„სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც.
კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“.
დოკუმენტაციის არმიღების შემდეგ, დეპარტამენტის ცნობით, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა. სასამართლომ 24 ივლისს შეწყვიტა საქმე, რაც დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 27 ივლისს გაასაჩივრა.
„მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს მიმართა წერილით, სადაც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე, 109 554 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სურვილს გამოხატავდა და ამ მიზნით 49-წლიანი ლიცენზიის მიღებას ითხოვდა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, “კაპრა კაუკასიკას” მოთხოვნის შემდეგ, არაერთ უწყებასთან კონსულტაციების შედეგად, 2022 წლის თებერვალში აუქციონი გამოაცხადა, სადაც მხოლოდ ერთი — ხიდაშელის კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც.
აუქციონის შესაბამისად, ხიდაშელის კომპანიას 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. მოგვიანებით, 2022 წლის ივნისში, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიას მიმართა წერილით და 7 436 ჰექტარი მიწის ფართობის უკან დაბრუნება ითხოვა, სანაცვლოდ კი “კაპრა კაუკასიკას” სხვა სატყეო ფართს დაჰპირდა, რაზეც საბოლოოდ ხიდაშელის კომპანიამ თანხმობა განაცხადა.
დავით ხიდაშელი “კარტოგრაფების საქმის” ფიგურანტი ბიზნესმენია, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება.
რაჭის ტყეებში დაცული ტერიტორიების შექმნასა და ხიდაშელის კომპანიის შესახებ ნახეთ ვრცლად: