ღარიბაშვილის განმარტება 600 კმ-იან საზღვარზე და უკრაინაში ომის მიზეზებზე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა მის მიერ 30 მაისს ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც კრიტიკა გამოიწვია.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზად დაასახელა უკრაინის სურვილი, გაწევრიანებულიყო ნატოში; ასევე თქვა, რომ საქართველოს აქვს 600 კმ-იანი პირდაპირი საზღვარი რუსეთთან, მაშინ როდესაც ოფიციალური საზღვარი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) დაახლოებით 898 კილომეტრია. ღარიბაშვილის თქმით, ის კონტროლირებად საზღვარს გულისხმობდა.
„საერთოდ სასაცილოა, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი? ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი 600 კილომეტრამდეა. არაკონტროლირებადი არის 300 კმ. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ“, — თქვა მან „იმედის“ იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რას უპასუხებდა ოპონენტებს, რომლებიც მესამე დღეა აკეთებენ კომენტარებს პრემიერის მიერ ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებზე.
„ეს იმდენად არასერიოზულია, თქვენ რომ არ გეკითხათ, მე ალბათ არ გავაკეთებდი კომენტარს სხვაგან, ჩემი ინიციატივით, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის — ახალი არაფერი მითქვამს. ამას იმეორებდნენ მათ შორის ჩვენი ომის შემდეგაც. მეორე თუ მესამე დღეს [ჩემი განცხადებიდან] ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა იგივე დარბაზში და მანაც სხვა ფორმულირებით [გაიმეორა] — უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი და თქვა, რომ უკრაინა ისჯება ევროპული არჩევანის გამო.
მე ვთქვი, რომ ნატოს გამო კი არა, უკრაინის სურვილის გამო. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს. ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს აბსურდია“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ის ეთანხმება არაპროვოცირებული ომის ფორმულირებას.
„ქვეყანა არის ოკუპირებული და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ადანაშაულებენ და ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, ძალიან სამწუხაროა. თუმცა არ მიკვირს მავნებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან. არც მაინტერესებს, ისინი რას იტყვიან, მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა.
მით უმეტეს, მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა ტერიტორიები, ჩააბარა და დაუთმო რუსეთს ჩვენი ტერიტორიები, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია. ამის მერე გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ათასი პრივილეგიები მიანიჭა. ამ ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე არანაირი დიალოგი არ მექნება“, — თქვა ღარიბაშვილმა.
მან უარგუმენტო უწოდა ბრალდებებს საქართველოს მთავრობის მიერ ნატოზე უარის თქმის შესახებ და თქვა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად.
მისი თქმით, მთავრობას არ შეუჩერებია ძალისხმევა ნატოს მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.
ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა
რატომ არ არის ნატოსკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიის რეალური მიზეზი? — მაგალითები