#ისქალიმევარ — კობახიძის განცხადების შემდეგ გახარიას მხარდამჭერებმა კამპანია დაიწყეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელში კამპანია “ის ქალი მე ვარ” დაიწყეს.

სტატუსი ჰაშტაგით “ის ქალი მე ვარ” სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა: ნათია მეზვრიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ქეთევან ბაკარაძემ, რუსუდან თევზაძემ, ქეთევან ლომიამ, ეკატერინე ვეფხვაძემ და სხვებმა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

“გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, გახარიამ კოკაინის მოხმარება მას შემდეგ დაიწყო, რაც “პარტიიდან და ხელიდან წავიდა”.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს კანონმდებლობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლას არ ავალდებულებს, დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იგივესკენ მოუწოდა.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ  ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, გური მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვის (თუმცა არა მერობის კანდიდატებისთვის) კანონმდებლობით საჭიროა ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირება, თუმცა კახა კალაძემ დამატებით კიდევ სამ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მათ შორის, კოკაინზე ტესტირება მოითხოვა.

“კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს”, – ამ კონტექსტში ახსენა გახარიამ კოკაინი.

16 სექტემბერს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და მას “კოკაინშიკი” უწოდა.

“ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც “კოკაინშიკზე” დავხარჯოთ 15 წუთი”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა თანამდებობის დატოვების შემდეგ შეექმნა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების პასუხი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგად, ამ ორ ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი.

აღნიშნულზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარაიამ ნარკოტესტი “ევროპაში იმ ერთადერთ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და რომლის მთავარი ექიმი გადადგა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი იუშენკოს კვლევის გაყალბებას სთხოვდა.

“ბანკებით სირბილს ურჩევნია მას, რომ შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის”, — თქვა კობახიძემ გახარიასთან დაკავშირებით.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.