გაბუნია: №18 სამკურნალო დაწესებულება სრულად აღჭურვილია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, №18 სამკურნალო დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა, რათა მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით.
ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულება თამარ გაბუნიასთან ერთად მოინახულა და არსებულ პირობებს გაეცნო:
„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება; ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის.
ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულება ციხის ის კლინიკაა, სადაც იუსტიციის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გეგმავს. თავად სააკაშვილი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებაზე უარს ამბობს.
დღეს ბრიფინგი გამართეს მისმა ადვოკატებმაც, სადაც განაცხადეს რომ გარდა ჯანდაცვის საჭიროებებისა, დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ვერც უსაფრთხოების ასპექტს.
დღესვე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კლინიკა შეუსაბამოა იმ რეკომენდაციებთან, რომელიც სააკაშვილი ჯანმრთელობაზე დასაკვირვებლად შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა გამოსცა. ამასთან ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხზეც.