ახალი ამბები

დღეს პირველი დღეა, როცა სააკაშვილი ლოგინიდან არ ამდგარა – ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დღეს პირველი რაც სააკაშვილი ლოგინიდან არ ამდგარა. ამის შესახებ ყიფშიძემ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღეს პირველი დღეა, როცა პრეზიდენტი ლოგინიდან არ ამდგარა. აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და სულ ლოგინში წევს. ტკივილები არ აქვს”, – განაცხადა ყიფშიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილს დღეს საკანში თავად ესტუმრა, რაც პირველად მოხდა, რადგან ყოფილ პრეზიდენტს გადაადგილება არ შეეძლო. ყიფშიძის განცხადებით, მას გარკვეული ანალიზები აუღეს:

“კალიუმის მაჩვენებელი დაბალია. ძალიან მძიმე სისუსტე აქვს. პრაქტიკულად ლოგინიდან არ ამდგარა მთელი დღე, რამდენიმე საათი ვიყავი მასთან. საუბარი ცოტა უჭირს, უყურებს ტელევიზიას. ეს პირველი დღეა, რაც ძალიან, ძალიან სუსტად არის. ახლა იქ დარჩა ამ დაწესებულების მთავარი ექიმი, მის გარდა არის კიდევ ერთი ექიმი, თუმცა მე არ ვიცი ვინ არის, პირველად ვნახე”, – განაცხადა ყიფშიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილმა სასიცოცხლო მედიკამენტები მიიღო, მათ შორის კალიუმის შემავსებელი წამალი.

რაც შეეხება მის რეანიმაციაში გადაყვანას, ყიფშიძის თქმით, გლდანის ციხის მთავარი ექიმი “აღიარებს”, რომ ამის საჭიროება დგას, თუმცა ეს საკითხი “მარტო განიხილება” და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს გადაუდებელი დახმარება დასჭირდება ყიფშიძეს დაურეკავენ და შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ უნდა მოიქცნენ.

ყიფშიძემ ასევე ისაუბრა კონსილიუმის საჭიროებაზეც. მისი განცხადებით, კონსილიუმი სასწრაფოდ უნდა შეგდეს, რადგან “დრო არ ითმენს”:

“ჩვენ არ გვაქვს დრო, კონსილიუმის გაკეთება თუ გვინდა დღესვე უნდა გავაკეთოთ. ხვალ დილას 9 საათზე უნდა შეიკრიბოს კონსილიუმი. არ შეიძლება ასე ყველაფრის ასე გადადება. სულ ამას ვლაპარაკობ, ნამდვილად არ გვაქვს ეს დრო. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ რაღაც და კონსილიუმს არ უნდა ველოდოთ, ერთს როდის მოუნდება შეხვედრა, მეორეს როდის მოუნდება. დრო არ ითმენს, სასწაული არ ხდება”, – განმარტა ყიფშიძემ.

სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხეში, პალატაში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ძალით და რამდენიმე ადამიანი ცდილობს გლდანის ციხეში მის შეყვანას. იმავე დღეს, რამდენიმე საათში პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს და ისმის, თუ როგორ ეუბნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პერსონალს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლა არ სურს და სთხოვს, რომ რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გუშინ, 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. ამის შესახებ ხერხეულიძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან გუშინ, 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

სააკაშვილი გლდანის ციხეში წამების ორი ფორმის ქვეშ იმყოფება – გვარამია

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.