ვიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა – საპატრიარქო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს თქმით, ” უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო”, კვლავ იმეორებს, რომ “აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა”.
“და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ.
მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში ქრისტიანისათვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც.
წმინდა სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ტექსტში ასევე, ნათქვამია, რომ “ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი”.
მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, საპატრიარქოში თქვეს, რომ “ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე”.
აღნიშნულს წინ უძღოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამირან გამყრელიძის თხოვნა ეკლესიისადმი, გვერდში დასდგომოდა სამედიცინო საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში.
28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 152 380 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 144 894 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 40.3%; სრულად ვაქცინირებულია 994 285 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.8%.