რომ არა ნიურნბერგის პროცესი, II მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერი 30-40%-ს აიღებდა — კობახიძე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შერიგების წინაპირობად ენმ-ის მმართველობის შეფასებას, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დანაშაულის აღიარებას და პოლიტიკიდან წასვლას ასახელებს.
“ჩვენ ვსაუბრობთ მარტივ სტანდარტზე. როდესაც პოლიტიკოსი ჩადის დანაშაულს, ის გადის პოლიტიკიდან. ეს არის ისეთი მარტივი სტანდარტი, რომლის გარეშეც ევროპული დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს ვერცერთ სახელმწიფოში. ჩვენ ვამბობთ, მოდით, ერთად ვისმჯელოთ ამასთნ დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკური სტანდარტი დავამკვიდროთ ერთობლივი გადაწყვეტლებით საქართველოშიც. ჩვენი დემოკრატია არის საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ ეს მინიმალური ევროპული სტანდარტი ჩვენთან დავამკვიდროთ. ამისთვის საჭიროა ავიღოთ კონკრეტული დანაშაულები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი. იქნებ ჩვენ ვცდებით, ამიტომ ერთად დავსხდეთ და ვნახოთ, რატომ კვდებოდა ციხეებში 12-ჯერ მეტი ადამიანი; იყო თუ არა წამება. თუ მათ უნდათ საუბარი შერიგებაზე, მაშინ ეს პროცესი წარმოგვიდგენია ჩვენ — დამნაშავესთან ვერ შერიგდები, თუ დამნაშავემ დანაშული არ აღიარა”, — განაცხადა კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ხალხის გადასაწყვეტია, მისცემს თუ არა ხმას ასეთ პოლიტიკოსებს, კობახიძემ მაგალითაც მოიყვანა ავსტრიის კანცლერის წასვლა პოლიტიკიდან.
“ავსტრიის პრემიერი წავიდა პოლიტიკიდან უმარტივესი სკანდალის გამო. ის რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში, ისევ აიღებდა თავის 30%-ს ყველა არჩევნებზე. უფრო მეტსაც გეტყვით — რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტლერი მინიმუმ აიღებდა 30-40%-ს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმიტომ რომ, იყო რაღაც სენტიმენტები. ყოფილი მმართველი ძალა როცაა, ასეთი რაღაცები მუშაობს. გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდა ბუენოს-აირესის, მთავარია შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე”, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საუბარია არა სრულად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გასვლაზე, არამედ იმ ლიდერების, ვინც დანაშაული ჩაიდინეს.
ნიურნბერგის პროცესი ეწოდება არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ომის დამნაშავე გერმანელი სამხედროების გასამართლებას საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში. ტრიბუნალი სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით 1945 წლის 8 აგვისტოს შეიქმნა, პროცესები კი 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. ადოლფ ჰიტლერმა კი თავი მოიკლა 1945 წლის 30 აპრილს.