კიბერთავდასხმა უკრაინაზე: თბილისი კიევს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს. უწყებამ მოკლე განცხადება “ტვიტერზე” გაავრცელა.
“საქართველო კატეგორიულად გმობს კიბერშეტევებს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას”, — აღნიშნავს სამინისტრო.
კიევის თანახმად, პარასკევს განხორციელებული კიბერთავდასხმის სამიზნე 70-ზე მეტი ცენტრალური და რეგიონული სახელისუფლებო უწყების ვებგვერდები გახდა. ვებსაიტების უმეტესობასთან წვდომა შეტევიდან რამდენიმე საათში აღდგა.
იმავე დღეს, უკრაინის ოფიციალური პირები ვარაუდობდნენ, რომ თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთი მდგარიყო.
შაბათს კი სააგენტო Reuters-მა გაავრცელა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, სერგეი დემედიუკის კომენტარი, რომლის თანახმადაც კიევში ფიქრობენ, რომ თავდასხმის უკან რუსეთის ახლო მოკავშირის, ბელარუსის დაზვერვასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი დგას.
საუბარია ჯგუფზე, რომელიც, დემედიუკის თქმით, UNC1151-ის სახელითაა ცნობილი. თავად ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციას აღნიშნულზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კიბერშეტევის დასაწყისში, თავდასხმის ობიექტ ვებგვერდებზე გამოჩნდა მუქარის შემცველი ტექსტი რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე.
“უკრაინულო! ყველა შენი პერსონალური მონაცემი აიტვირთა საჯაროდ, ინტერნეტში”, – ნათქვამია ტექსტში, რომელიც ასევე მოიცავს შემდეგი შინაარსის გზავნილს:
“გეშინოდეს და ელოდე უარესს”.
მომხდარი აშშ-მა და NATO-მ დაგმეს და კიევს მხარდაჭერა აღუთქვეს.
კიბერშეტევა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მასობრივი მობილიზების ფონზე მოხდა. კიევი და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას ამზადებს, რასაც მოსკოვი უარყოფს და უსაფუძვლოდ მიიჩნევს ხსენებულ შიშებს.
ვითარების დეესკალაციის მიზნით, მიმდინარე კვირაში გაიმართა NATO-რუსეთის შეხვედრაც, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.