ახალი ამბები

NATO: რუსეთმა უკრაინასა და საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს, ღია კარის პოლიტიკა უცვლელია

NATO: რუსეთმა უკრაინასა და საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს, ღია კარის პოლიტიკა უცვლელია

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არსებობს 3 მთავარი სფერო, სადაც ნატო ხედავს სივრცეს უსაფრთხოებისთვის, მომავალი პროგრესისა და მოლაპარაკებებისთვის.

სტოლტენბერგის თანახმად, ეს სამი სივრცე არის ნატოსა და რუსეთის ურთიერთობები, ევროპული უსაფრთხოება და გამჭვირვალობითა და იარაღის კონტროლით რისკების შემცირება.

მან ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც გაიმართა ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე წერილობითი პასუხის გაცემის შემდეგ.

ნატო-რუსეთი ურთიერთობები

“რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური კავშირები ნატოსთან, რაც ართულებს ჩვენს დიალოგს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავხსნათ ჩვენი წარმომადგენლობითი ოფისები მოსკოვსა და ბრიუსელში. ჩვენ ასევე სრულად უნდა გამოვიყენოთ არსებული სამხედრო-საკომუნიკაციო არხები, რათა მხარი დავუჭიროთ გამჭვირვალეობას და შევამციროთ რისკები. ასევე, უნდა შევქმნათ სამოქალაქო ცხელი ხაზი საგანგებო გამოყენებისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ევროპული უსაფრთხოება უკრაინისა და უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.

“ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ რუსეთის წუხილი და ჩავერთოთ რეალურ მოლაპარაკებებში, თუ როგორ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების დიპლომატიური პრინციპები, რომელსაც ყველა ვაწერთ ხელს, დაწყებული ჰელსინკის დეკლარაციით, რომელიც მოიცავს ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები.

რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს იძულებითი ძალის გამოვლინებისგან, უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე მოქმედებები, რომელიც მიმართულია ალიანსის წევრებისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.

რუსეთმა ასევე უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განთავსებულნი. ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს ძალისხმევაში, რათა გადაწყდეს კონფლიქტები, მათ შორის ნორმანდიული ფორმატის გამოყენებით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და იარაღის კონტროლი

“ისტორია აჩვენებს, რომ ამ საკითხებში ჩართულობას შეუძლია უზრუნველყოს რეალური უსაფრთხოება ყველასთვის. ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული  ზომები, რომლებიც რეალურ განსხვავებას მოგვცემს. როგორც პირველი ნაბიჯს, რუსეთს ვთავაზობთ ორმხრივ ბრიფინგს წვრთნებისა და ბირთვული პოლიტიკის შესახებ ნატო-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ასევე უნდა განვაახლოთ სამხედრო გამჭვირვალობის შესახებ ვენის დოკუმენტი და ვიმუშაოთ კოსმოსისა და კიბერ-საფრთხეების შესამცირებლად. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჰაერში და ზღვაში ინციდენტების თავიდან აცილების გზებზე და სრულფასოვნად შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით.

დაბოლოს, ჩვენ გვჭირდება სერიოზული საუბარი შეიარაღების კონტროლზე, მათ შორის, ბირთვულ იარაღსა და სახმელეთო საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებზე.  ეს სფეროები წარმოადგენს მნიშვნელოვანი დიალოგის დღის წესრიგს. მე მოვიწვიე მოკავშირეები და რუსეთი შეხვედრების სერიაზე, რათა ყველა ეს საკითხი უფრო დეტალურად განიხილონ ნატო-რუსეთის საბჭოში.

მოკავშირეები მზად არიან შესახვედრად, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რათა გაგრძელდეს მჭიდრო კოორდინაცია უკრაინასთან, ისევე როგორც ნატოს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან.

ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და ჩვენ არ ვცდილობთ დაპირისპირებას, მაგრამ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებთან დაკავშირებით, რომლებზეც ეყრდნობა ალიანსის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოება. ჩვენ ცალსახად ვრჩებით ჩვენი დამფუძნებელი ხელშეკრულებისა და კოლექტიური თავდაცვის დაპირების ერთგულნი, რომელიც ასახულია მე-5 მუხლში. მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ “ღია კარის პოლიტიკას“.

აშშ-სა და ნატოს მიერ რუსეთისადმი გაგზავნილი წერილობითი პასუხის შინაარსი ჯერჯერობით, უცნობია.

რუსეთი დასავლეთისგან  მოითხოვდა ნატოში ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შეჩერებასა და აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანას.
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.