ახალი ამბები

„ფინანსური კეთილდღეობის გარანტია“ – უცხო ენების სპეციალისტები აბიტურიენტთა საგამოცდო ენების პრიორიტეტებზე საუბრობენ

„ფინანსური კეთილდღეობის გარანტია“ – უცხო ენების სპეციალისტები აბიტურიენტთა საგამოცდო ენების პრიორიტეტებზე საუბრობენ

უკვე გამოქვეყნდა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში. თითოეულ ენის ჯგუფში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 80 იყო, აბიტურიენტი კი B1 დონის ტესტს წერდა. ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დიდი უმრავლესობა ინგლისურ ენას აბარებს და წელსაც, ეს საგანი, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 41 ათასიდან, ათი ათასობით აპლიკანტმა ჩააბარა.

EDU.ARIS.GE-მ თითოეული ენის რეპეტიტორს ჰკითხა, რა პრიორიტეტები აქვს ენას, რომელსაც ისინი ასწავლიან და რატომ ურჩევდნენ მომავალ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნად სწორედ მის არჩევას.

ნატო ფერიაშვილი ინგლისური ენის პედაგოგი და რეპეტიტორია, რომელიც უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ინგლისური წელს კვლავაც პრიორიტეტულ ენად რჩება განსაკუთრებით იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კარიერულ წინსვლასა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.

– ნატო, რა პრიორიტეტი აქვს ენას, რომელსაც ასწავლით, რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა?

– ინგლისური ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო ენაა, რომლის ცოდნაც აუცილებელია ნებისმიერი საქმისთვის, იქნება ეს სწავლა, მუშაობა თუ უბრალოდ, ვერბალური კომუნიკაცია. დღეს უკვე ყველა კვალიფიციური სპეციალისტი ვალდებულია, ფლობდეს მინიმუმ ერთ საერთაშორისო ენას, მითუმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, რადგან უამრავი ტურისტი გვყავს და საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზრის ნაწილი ვართ. ამასთან, შეუძლებელია, სრულყოფილად დაეუფლო პროფესიას, თუ ხელი არ მიგიწვდება უცხოურ ლიტერატურაზე. საუკეთესო წიგნები და თარგმანები სწორედ ამ ენაზეა.

აბიტურიენტების უმრავლესობა დღეს გაცვლითი პროგრამებითაა დაინტერესებული, მათ იციან, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდნენ სასწავლებლად, შეუძლიათ, ისწავლონ ინგლისურ ენაზე. ენის სერტიფიკატის მოპოვებაც გაცილებით მარტივია, რადგან სკოლაში, დაწყებითი ასაკიდან სწავლობენ ენას და მარტივად ასათვისებელია. ყველამ ვიცით, რაც უფრო კარგად ფლობ ინგლისურ ენას, მით უფრო კარგი სამსახური გაქვს და რასაკვირველია, შესაბამისი ანაზღაურებაც. ამიტომ, ინგლისური ენის ცოდნა ფინანსური კეთილდღეობის გარანტია.

– რა რჩევას მისცემდით მომავალ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს?

– ვეტყოდი, რომ არ შეწყვიტონ ენის სწავლა, მხოლოდ სკოლასა და რეპეტიტორის იმედად ნუ იქნებიან, უნივერსიტეტიც მისცემთ საჭირო ცოდნასა და განათლებას. მთავარია, არ დაიზარონ და იცოდნენ, რომ ეს მათი უკეთესი მომავლისთვის უნდა გააკეთონ.

ნათია დანელია გერმანულ ენას პედაგოგია, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩართულია სხვადასხვა ევროპულ პროექტში. ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა სწორედ გერმანულმა ენამ მისცა, რომელიც ევროპული ენების ჯგუფის ლიდერია.

– როცა უცხო ენებს ფლობ, შრომის ბაზარზე შენი შანსებიც იზრდება, ვითარდები და ახალ-ახალი შესაძლებლობები გიჩნდება. არავინ ვიცით ხვალ რისი ცოდნა დაგვჭირდება და ზედმეტი არასოდეს არის რამდენიმე უცხო ენის ფლობა. რამდენიმე წლის წინ, ჩვენთან პრიორიტეტული მხოლოდ ინგლისური იყო, მაგრამ ახლა უკვე იზრდება მოთხოვნა დანარჩენ ენებზეც.

მინდა აბიტურიენტებს ვუთხრა, რომ ევროპული განათლება ევროპული ენების ცოდნასაც გულისხმობს, გერმანული კი ლიდერი ენაა. გერმანული ენა აძლევს მსურველს იმის საშუალებას, რომ გერმანიაში მიიღოს განათლება უფასოდ. ძალიან ბევრი მსურველი, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ცდილობს მის შესწავლას, რადგან შეძლოს გერმანულენოვან უნივერსიტეტებში სწავლის მოპოვების უფლება. აბიტურიენტები, რომლებიც არჩევით საგნად სწორედ გერმანულს ირჩევენ, ბევრად უფრო იმარტივებენ გაცვლითი პროგრამების პროცედურებს და კონკურენციის მეტი შესაძლებლობები აქვთ.

აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ ნათქვამია, რამდენი ენაც ვიცით, იმდენი ადამიანი ვართ. არ შეწყვიტონ ენის სწავლა, რადგან ეს ის ცოდნაა, რომელიც არ გავიწყდება და ყოველთვის გამოიყენებ.

ბელა ხათრიძე ფრანგული ენის მასწავლებელია, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფრანგული სკოლის მასწავლებელი გახდა და აქტიურად ასწავლის, კიდევ უფრო მეტი არგუმენტი აქვს, რატომ უნდა შეისწავლონ აბიტურიენტებმა ფრანგული.

– ფრანგული კულტურა და ფრანგული ენა ხსნის ფართო არჩევანს, როგორც ევროპის, ისე ზოგადად, სრული ცოდნისა და განათლებისკენ. ამაში დავრწმუმდი ფრანგულ სკოლაში მუშაობით, როცა ვაკვირდებოდი ფრანგების სწავლის მეთოდოლოგიასა და თანამშრომლობის ტექნიკას. ასევე, ვმუშაობ ფრანგებთან, რომლებსაც ქართულს ვასწავლი, საოცარი ხალხი და საინტერესო გამოცდილებაა. მათ, ვინც ფრანგულენოვან უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას, ეს საუკეთესო და აუცილებელი შესაძლებლობაა. როცა სასკოლო ასაკიდანვე ითვისებ ენას, ეს კიდევ უფრო მეტად გეხმარება სრულფასოვნად შეძლო მისი შესწავლა. გამოყენების მხრივ, ფრანგული ევროპული ენების სათავეშია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრანგული ენა ხუთ კონტინენტზე გამოიყენება და 220 მილიონ ადამიანზე მეტი, სწორედ, რომ ფრანგულად საუბრობს. ვფიქრობ, არა მხოლოდ აბიტურიენტებს, ყველას, რაც მეტი ენა გვეცოდინება, მით უკეთესი მომავალი გვექნება და ამ ენებში ფრანგულიც, რომ იყოს, კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი შესაძლებლობები.

ნინი ზაალიშვილი რუსული ენის პედაგოგი და თარჯიმანია, ამბობს, რომ შრომით ბაზარზე რუსული ენის მცოდნე კადრების მოთხოვნილება კვლავაც მზარდია და მისი ცოდნაც აუცილებელი.

– დღესაც, საქართველოში რუსული ენის ცოდნის მაღალი დონე, ნიშნავს მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიღების შესაძლებლობას არა მხოლოდ მაღალი საერთაშორისო კაპიტალის მქონე კომერციულ სტრუქტურებში, არამედ უამრავ უცხოენოვან კომპანიაში, რომელიც ქვეყანაში მართლაც ბევრია და აქვთ მოთხოვნა ენის მცოდნე სპეციალისტზე. ასევე, გასათვალისწინებელია ტურიზმის სფეროც. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაშიც გვყავს რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეები და ვიღებთ ტურისტებს, ნებისმიერ სამსახურში პრიორიტეტულ კადრად ყოველთვის შეარჩევენ მას, ვინც სრულყოფილად ფლობს ამ ენას. თუ აბიტურიენტს სურს, იყოს საჭირო და მაღალანაზღაურებადი კადრი, აუცილებლად უნდა შეისწავლოს რუსული, რადგან ეს მისთვის მეტი შესაძლებლობა და კარგი შემოსავლის წყაროა.

ასევე იხილეთ:

„თუ სკოლიდან ყველა ინგლისურის C1 დონის ცოდნით გავიდა, მაშინ უნივერსიტეტები რა საჭიროა?“ – ინგლისური ენის ტესტების შეფასება სპეციალისტისგან

მოამზადა მზეო შველიზემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.