ახალი ამბები

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტების ვაქცინაციის მონაცემები EDU.ARIS.GE-ს და ამირან გამყრელიძეს გაუგზავნა

ამ კვირას, EDU.ARIS.GE-მ მოულოდნელად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წერილი მიიღო. უნივერსიტეტი EDU.ARIS.GE-ს მასალას – „უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების 80-90% აცრილია, შეუძლიათ პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გადაიტანონ“ ეხმაურება, კერძოდ კი იმ ნაწილს, სადაც ჩვენ ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა მასალაშიც, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონი ამირან გამყრელიძის სტუდენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება, ვახსენებთ, რომ „სტატისტიკა, თუ რამდენი პროფესორ-მასწავლებელი, ან სტუდენტია საქართველოს უნივერსიტეტებში ვაქცინირებულია ამ დრომდე არ არსებობს.

სტატისტიკა, ჩვენი ღრმა რწმენით, არსებობს, მაგრამ ბატონი ამირან გამყრელიძის 13 სექტემბრის განცხადების შემდეგ, როცა მან საზოგადოებას აცნობა, რომ საქართველოში სტუდენტების მხოლოდ 17-%-ია აცრილი და ეს ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს უზარმაზარ სამიზნე აუდიტორიაზე გავრცელდა, უკვე ნაკლებად ქვეყნდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტში ვაქცინირებულ სტუდენტთა რაოდენობაზე და არა მხოლოდ, EDU.ARIS.GE 2021 წლის სექტემბერში წერდა – გვჭირდება თუ არა მომავალი ექიმი, რომელიც კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს ამბობს?. უნივერსიტეტს იმ დროისათვისაც უკვე ვაქცინირებულ სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებლების შთამბეჭდავი ციფრები ჰქონდა.

EDU.ARIS.GE-ს პროგრესის სჯერა, ვაქცინირებულთა მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებში მალე ყველანაირი შეზღუდვის მოხსნის სჯერა და ზუსტად ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გასაგებ ინფორმაციას და ციფრებს (ციფრებით მანიპულირებას არ ვგულისხმობთ) ყოველთვის სიამოვნებით ვაქვეყნებთ. და მაინც, მოულოდნელი და უცნაური იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წერილი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებლების ვაქცინირების თაობაზე ახალი მონაცემებით, უნივერსიტეტის, რომელიც თავისივე არჩევანით წლობით ჯიუტად ინფორმაციის გავრცელების სხვა წყაროებს იყენებს.

ყველაფერი თავის ადგილზე დგება, როდესაც ოფიციალური წერილის ადრესატთა რეკვიზიტებს ყურადღებით დავაკვირდებით…

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტების ვაქცინაციის მონაცემები EDU.ARIS.GE-ს და ამირან გამყრელიძეს გაუგზავნა

EDU.ARIS.GE-ში გაგზავნილი მონაცემების ასლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პირდაპირ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორს, პირადად ბატონ ამირან გამყრელიძეს გაუგზავნა.

მადლობა, ბატონო ამირან!

მაგრამ, ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკურის, ილიაუნის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების ვაქცინირებულ სტუდენტებზე მონაცემებიც გვჭირდება, სადაც საქართველოს სტუდენტთა დიდი ნაწილი სწავლობს და, ბუნებრივია, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან შედარებით, სადაც მხოლოდ მომავალი ექიმები სწავლობენ, ნაკლებად შთამბეჭდავი მონაცემები უნდა ჰქონდეთ – ეს უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენს მკითხველებს აინტერესებს.

კითხვაზე, თუ როგორ მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ინფორმაცია სტუდენტების ვაქცინირების სტატუსის შესახებ, უნივერსიტეტის პასუხი 2021 სექტემბერთან შედარებით, უფრო დახვეწილი იყო – „2021 წლის სექტემბრიდან სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ პირად ელექტრონულ გვერდზე ტვირთავენ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას (QR-კოდით), ხოლო აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ცნობა სრული ვაქცინაციის შესახებ წარმოდგენილი აქვს თსსუ-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში“. კი ბატონო, ამ მეთოდითაც შეიძლება ინფორმაციის შეგროვება, თუ ეს ქუსლებში ბამბუკის ჯოხების ჩარტყმის შედეგად არ ხდება…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შეუძლია თანამედროვე მეთოდებით მოპოვებული ზუსტი ინფორმაციის გავრცელება.

ბუნდოვანი რჩება ვაქცინაციის თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების გზაზე ამდენი დაბრკოლების არსებობა. თუ ვიცით, რომელ უნივერსიტეტებში სწავლობენ ყველაზე მომზადებული აბიტურიენტები, რა მოხდება – ვის ეწყინება, რა ფინანსური, რეპუტაციული, თუ სხვა ზიანი მიადგება ვინმეს, თუ საზოგადოებას უნივერსიტეტების მიხედვით ინფორმაციას ვაქცინირებული სტუდენტების შესახებ ვამცნობთ? ვაქცინაცია ხომ ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით და საქართველოს არცერთი რეგიონის სტუდენტი თავს დისკრიმინაციის ობიექტად ვერ იგრძნობს. ნდობის მომტან საჯაროობასთან ერთად, იქნებ ეს სტუდენტთა ვაქცინაციის ტემპზეც იმოქმედებდა… თქვენ ასე არ ფიქრობთ?

და ბოლოს, პოზიტივით დავამთავრებთ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მე-2 სემესტრს 2022 წლის 9 მარტს შემდეგი მონაცემებით დაიწყებს:

„სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის დიდი ძალისხმევის შედეგად, დღევანდელი მონაცემებით სტუდენტების (8.000-ზე მეტი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი მსოფლიოს 81 ქვეყნიდან) – 90.6%, პერსონალის კი – 93,3% სრულადაა ვაქცინირებული და ეს დოკუმენტურად დასტურდება.

აღნიშნულმა და სხვა გარემოებებმა განსაზღვრა, რომ მიუხედავად პანდემიისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე მეოთხე სემესტრს არადისტანციურ (ფიზიკური დასწრების) რეჟიმში იწყებს”, – მოგვწერეს უნივერსიტეტიდან.

ასევე იხილეთ:

ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია უნივერსიტეტებისთვის

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.