ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ანჯეი დუდა სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც ხუთშაბათ საღამოს თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა (იგი პეკინისკენ მიემგზავრებოდა), პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
პრეზიდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას, ხაზი გაუსვეს სიტუაციის დეესკალაციის საჭიროებას და მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს გაცვლილი ინფორმაციისათვის.
President of Georgia and @prezydentpl @AndrzejDuda expressing their solidarity with #Ukraine pic.twitter.com/31TDDaycNK
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 3, 2022
პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, კიბერშეტევები, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე თუ შავ ზღვაზე ძალების გააქტიურება, არის ნიშნები იმისა, თუ რამდენად არის რუსეთის პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე“.
მისი თქმით, ამას „მთელი დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით“, რათა „დეესკალაციისკენ წავიდეს ვითარება“, მაგრამ „მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, ორივე მხარე მზად იყოს“.
„ეს სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება, ეკუთვნის წარსულს, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს, რამეთუ სხვა გზა არ გვაქვს ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, გარდა მშვიდობიანი გზების მონახვისა. ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ დუდას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რადგან ისინი „არ ივიწყებენ საქართველოს და ყოველი შემთხვევის დროს ახსენებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.
დუდას სიტყვა
ანჯეი დუდამ ზურაბიშვილთან პრესკონფერენციაზე პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის 2008 წლის ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა:
„მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს და განვაცხადო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებზე. პირადად მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან, ვინაიდან საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი ლეხ კაჩინსკი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხადად გამოაჩინა ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი“.
მისი თქმით, უკრაინის საკითხი „არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, – ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი“.